ბავშვთა კვების პროდუქციის ”სელიას” რეალიზება საქართველოს სააფთიაქო ქსელებში დროებით შეჩერდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ფრანგული კომპანია ”ლაქტალის ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი ფირმის, ”სითი ენ ჯორჯიას” სამართლებრივმა წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ”სელიას” ოფიციალური შემომტანი საქართველოში არის ფრანგული კომპანია ”ლაქტალის ინტერნეიშენალი”, ხოლო ”სელიას” რეალიზების შეჩერების მიზეზი გახდა ის, რომ ”ლაქტალის ინტერნეიშენალის” მიერ წარმოებულ სხვა დასახელების პროდუქციებში - ”თიკოსა” და ”მილუმელში” ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, ბაქტერიის არსებობის თაობაზე გაჩნდა ეჭვი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეალიზებულ პროდუქციაზე ”სელიას” ბაქტერიის არანაირი ეჭვი არ არსებობს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ”ლაქტალის ინტერნეიშენალის” ააღნიშნული პროდუქციის რეალიზება საქართველოში დროებით შეჩერდეს.
რაც შეეხება ”მილუმელსა” და ”თიკოს”, იმედა დვალიძის განმარტებით, ეს პროდუქციები საქართველოში არ იყიდება და მისი რეალიზება საფრანგეთში ხდება. მისივე თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში ამ პროდუქციების მიღების შემდეგ ბავშვთა დაავადების 26 შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად ”სელიას” რეალიზების შეჩერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც დვალიძემ განმარტა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ პროდუქციაზე კვლევა ჩაატარა, თუმცა იქ არანაირი ბაქტერიები არ გამოვლენილა.
”ჩვენ მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტებულ ლაბორატორიას. აიღეს 21 სინჯი და არც ერთ შემთხვევაში ბაქტერიული დაბინძურება არ დადასტურებულა. ამასთან, კონკრეტულად ამ პროდუქტს, რომელიც საქართველოში შემოდის, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ბავშვთა დაავადება არ გამოუწვევია. არსებობს სხვა პროდუქტებზე ეჭვი, რომელიც საქართველოში არ შემოდის. ეს არის „მილუმელი“ და „თიკო“. ამის მიუხედავად კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროდუქტ ”სელიას” რეალიზება შეჩერებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია არ არის წარმოებული ე.წ. რისკის შემცველ პერიოდში და ეს არის პირველიდან შვიდ მაისამდე”, - განაცხადა დვალიძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, ”სელიას” რეალიზება მოხდება მას შემდეგ, რაც ”ლაქტალის ინტერნეიშენელი” მიიღებს უსაფრთხოების იმ ზომას, რომელიც დადგენილია ევროკავშირის სტანდარტების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებით.