2017 წელს იმპორტირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი ჰიბრიდია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი 2017 წლის იმპორტისა და მოხმარების შემაჯამებელ მიმოხილვას ავრცელებს.

როგორც იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 979,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 78,2 ათასი ტონით ანუ 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

„მიმდინარე წლის სამი კვარტლის მდგომარეობით ადგილობრივი წარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებით მიღებულ იქნა: ბენზინი - 2197,7 ტონა, დიზელი - 8334,8 ტონა. 2017 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,9 ათასი ტონა, რაც 16,9 ათასი ტონით ანუ 25,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ბოლო წლების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 1,3 ათასი ტონით ანუ 7,3%-ით შემცირდა საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და 16,5 ათასი ტონა შეადგინა.

„მიმდინარე წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 98,8 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 2,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში LPG-ის (თხევადი აირი) იმპორტმა შეადგინა 13,7 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ანუ 14,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. LPG-ის ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია აღნიშნული საწვავის საავტომობილო საწვავად გამოყენების მოხმარების ზრდით. ნავთობპროდუქტების იმპორტის სრული მონაცემები გვექნება იანვარში, როდესაც მოხდება დეკემბრის თვის მაჩვენებლების შეჯამებაც. თუმცა რეალური სურათი სავარაუდოდ არ შეიცვლება“,-ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, როგორც იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, საწვავის მოხმარებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში იზრდება ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებისა და ელექტრომობილების იმპორტი, რომლის გავლენაც მომავალ წლებში გაცილებით მეტი იქნება.

„ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 9 თვის შედეგებით მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა შეადგინა 46,608 ერთეული. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ყველა სახის ავტომობილის იმპორტი 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 20 პროცენტით. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ჰიბრიდული და ელექტრო ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2017 წელის 9 თვეში საქართველოში განხორციელდა 11,652 ერთეული ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილის იმპორტი, რაც მთლიანად იმპორტირებული ავტომობილების 25 პროცენტს შეადგენს. 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფიქსირდება 260 პროცენტიანი ზრდა (8,414 ერთეულით მეტი). 2016 წელს ჰიბრიდულ ძრავიანი ავტომობილების იმპორტი შეადგენდა 3,238 ერთეულს, რაც მთლიანი იმპორტის მხოლოდ 5 პროცენტი იყო. საქართველოში 2017 წელს იმპორტირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი არის ჰიბრიდული ძრავით. ასევე, ზრდა არის ელექტრო ძრავიანი ავტომობილების იმპორტში: 2017 წელს 9 თვეში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-ჯერ მეტი ელექტრო ძრავიანი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, სულ 467 ერთეული,“-აღნიშნულია განცხადებაში.