დედაქალაქის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში მომავალი წლის დასაწყისიდან ახალი საგზაო რეგულაციები ამოქმედდება.
ირაკლი ხმალაძის განმარტებით, რეგულაციები მიკროავტობუსებს, სადისტრიბუციო და სატვირთო მანქანებს შეეხება და მათი დაწესება საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით ხდება.
„საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა და გადაწყვეტილებებია მიღებული. ეს არის ნარჩენების გატანის რეგულირება ღამის საათებში, რამდენიმე ქუჩაზე მიკროავტობუსების გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე და ასევე არის სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით რეგულირება, რომელიც უნდა შემოვიღოთ მომდევნო წლის დასაწყისშივე. ამასთან დაკავშირებით დისტრიბუტორებთან გვქონდა შეხვედრა და საკმაოდ გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს. ვთვლით, რომ საკმაოდ ეფექტურად შევძლებთ ამის განხორციელებას. არის ასევე სატვირთო მანქანებთან დაკავშირებით რეგულაციაზე საუბარი, რაზეც უკვე გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს. ვაპირებთ, რომ მათი რეგულირებაც მოხდეს იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოს დატვირთულ საათებში საგზაო მოძრაობას“, - განაცხადა ხმალაძემ.