ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურებაზე არსებული ტარიფი 32 ლარის ოდენობით, 30 დეკემბრიდან განახევრდება.
ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის განცხადების შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფების დაწესების მიმართულებით, კომისია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.
„მომსახურების მიმწოდებელ პროვაიდერებთან პირველი ეტაპის სამუშაო პროცესის დასრულების შედეგად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურებაზე არსებული ტარიფი, 32 ლარის ოდენობით, 30 დეკემბრიდან განახევრდება. კომისია ასევე აგრძელებს მუშაობას ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კომპლექსური კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, რაც ინტერნეტის საცალო მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების რეგულირებას ითვალისწინებს, მათ შორის:
მაგისტრალურ არხებთან დაშვებას, ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილებთან დაშვებას. აღნიშნული მიზნების უზრუნველსაყოფად, NGA-და NGN ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების, ოპტიკური კაბელის/ძარღვის იჯარის, Ethernet და DWDM მონაცემების გადაცემის მომსახურების, მათ შორის, lambda-ს მომსახურების ტარიფების მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების LRIC მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე კომისიამ ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, ბაზრის მონაწილეებთან და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შედეგად, კომისია მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების LRIC მოდელს შეიმუშავებს, რომლის საშუალებითაც საბითუმო მომსახურებებზე ტარიფები ეფექტური ოპერატორის მიერ გაწეული დანახარჯების საფუძველზე დადგინდება,“-ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კომისია ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზარზე ალტერნატიული ოპერატორებისათვის დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების, მათ შორის მომავალი თაობის (NGA) პასიურ და აქტიურ ქსელურ საშუალებებთან დაშვების პირობების მარეგულირებელი ერთიანი წესების შესახებ დადგენილების შემუშავებას გეგმავს.