ინდოეთი მომავალ წელს უკან ჩამოიტოვებს ბრიტანეთის და საფრანგეთის ეკონომიკებს და დოლარში გამოსახული მოცულობით, მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ეკონომიკა გახდება.
ეკონომიკის და ბიზნესის კვლევის ცენტრის (CEBR) გათვლებით, მსოფლიო ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზრდება, რასაც იაფი ენერგომატარებლები და ტექნოლოგიები შეუწყობს ხელს.
ინდოეთის ეკონომიკის ზრდა არის იმ ტრენდის ნაწილი, რომელსაც მომავალი 15 წლის განმავლობაში, მსოფლიოს 10 უდიდესი ეკონომიკის სიაში, აზიური ქვეყნების დომინაცია მოჰყვება.
CEBR-ის თავმჯდომარის მოადგილე, დაგლას მაკუილიამსი ამბობს, რომ დროებითი წარუმატებლობების მიუხედავად, ინდოეთის ეკონომიკა, დოლარში გამოსახული მოცულობით მაინც დაეწია საფრანგეთის და ბრიტანეთისას და მომავალ წელს ორივეს უკან ჩამოიტოვებს, რითაც მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ეკონომიკა გახდება. მაკუილიამსის თქმით, ინდოეთის ეკონომიკის ზრდას, ფასიან ბანკნოტებზე შეზღუდვები და გაყიდვებზე ახალი გადასახადი აფერხებს. ამ მოსაზრებას, „როიტერსის“ მიერ გამოკითხული ბევრი ეკონომისტიც იზიარებს.
CEBR-ის ვარაუდით, 2032 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა ჩინეთი გახდება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამოიტოვებს. ცენტრის შეფასებით, შეერთებულ შტატებს, გლობალური ლიდერის პოზიციის მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს შენარჩუნებაში ის გარემოება დაეხმარება, რომ პრეზიდენტ ტრამპის გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე იმაზე ნაკლებია, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ.
გარდა ამისა, CEBR-ში თვლიან, რომ ბრიტანეთის ეკონომიკაზე „ბრექსიტს“ მოსალოდნელზე ნაკლები უარყოფითი ეფექტი ექნება. ეს ქვეყანას იმის საშუალებას მისცემს, რომ 2020 წელს უკან მოიტოვოს საფრანგეთი.
ნავთობზე დაბალი ფასების გამო, უკან დაიწევს რუსეთის ეკონომიკა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, სწორედ ენერგოსექტორზეა დამოკიდებული. 2032 წლისთვის ეს ქვეყანა ახლანდელი მე-11 ადგილიდან მე-17-ზე ჩამოქვეითდება.
„როიტერსის“ მიერ ჩატარებული ეკონომისტების გამოკითხვის შესაბამისად, 2018 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი, 3.5-დან 3.6 პროცენტამდე გაიზრდება.
მერაბ ლორთქიფანიძე