ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთის ზღვაში გამავალი ფორტისის ნავთობსადენი მალე ამუშავდება, ნავთობის ფასის მცირედით კლება გამოიწვია.
ამის მიუხედავად, ის კვლავაც 2015 წლის შემდეგ უმაღლესი ნიშნულის სიახლოვეს რჩება. ფორტისის ნავთობსადენის ამოშავების შემდეგ, გლობალურ ბაზარზე ბრენტის მარკის ნავთობის მიწოდება ჩვეულ მოცულობაზე დაბრუნდება.
ფორტისის ნავთობსადენის მუშაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც შემოწმებისას მილზე ბზარები აღმოაჩინეს. მაგრამ სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ტესტირებაც უკვე ჩატარდა. ნავთობსადენის სრული დატვირთვით ამუშავება იანვრის დასაწყისშია მოსალოდნელი.
ბრენტის მარკის ნავთობი ბაზარზე ყველაზე ძვირია და მას სწორედ ის ნავთობი განსაზღვრავს, რაც ევროპას ფორტისით მიეწოდება. სადენის გარემონტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ მარკის ნავთობის ფასის 19 ცენტით შემცირება მოჰყვა, რის შემდეგაც ერთი ბარელის ფასი 65.06 დოლარი გახდა. 12 დეკემბრის მონაცემებით, ფასი 65.83 დოლარი იყო, რაც 2015 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. 10 ცენტით 58.37 დოლარამდე შემცირდა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი.
ბევრ ქვეყანაში საშობაო არდადეგების გამო, ბაზარზე სავაჭრო აქტივობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გასული წლის განმავლობაში 17 პროცენტით შემცირდა. ამას ძირითადად ის ფაქტორი განაპირობებს, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრი და არაწევრი ქვეყნები, მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეკვეცაზე შეთანხმდნენ. ეს შეკვეცა მომავალ წელსაც ძალაში რჩება.
ერაყის ნავთობის მინისტრი ვარაუდობს, რომ მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნას და მიწოდებას შორის ბალანსი მომავალი წლის პირველ კვარტალში აღდგება. OPEC-ის ვარაუდით, ეს 2018 წლის ბოლოს არის მოსალოდნელი. იმავდროულად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას ხელს ის გარემოება უშლის, რომ ამერიკაში მოპოვება სულ უფრო იზრდება.
მერაბ ლორთქიფანიძე