საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირებისა და ურთიერთშეურაცხყოფების ინციდენტები საზოგადოებას კარგად ახსოვს.
ერთ-ერთი ბოლო ასეთი ფაქტი, 20 დეკემბერს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრაზე მოხდა, რომლის დროსაც პოლიტიკოსების მხრიდან არაეთიკურ და უცენზურო გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი.
თუმცა, სამომავლოდ მსგავს ქმედებებზე დეპუტატების მიმართ დისციპლინური სანქცია გატარდება. ეს სანქციები განსაზღვრულია “პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსში“, რომლის მიღებასაც პარლამენტი გეგმავს. დადგენილების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დადგენილების მიხედვით, სანქციები პარლამენტის წევრებს შემდეგ შემთხვევაში დაუწესდებათ: თუ დებატების დროს არაკორექტულ ლექსიკას გამოიყენებენ; არ მოახდენენ საჩუქრის დეკლარირებას საჩუქრების რეესტრში და არ განაცხადებენ საჯაროდ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
რაც შეეხება სანქციებს, „ეთიკის კოდექსის თანახად“ დარღვევების შემთხვევაში განსაზღვრულია: სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება; ხელფასის 10%-დან- 50%-მდე ოდენობით დაკავება და ოფიციალურ ვიზიტებში მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში მონაწილეობის შეჩერება.