საახალწლო სუფრის ინდექსი - მოსახლეობის 40%-ს საახალწლო სუფრის ღირებულებაზე ნაკლები შემოსავალი აქვს

საახალწლო სუფრა საახალწლო სამზადისის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია.

არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც, როგორი სუფრითაც შეხვდები ახალ წელს, ისეთი ხვავი და ბარაქა გექნება მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ ხშირად ვცდილობთ შეუძლებელი შევძლოთ, ვალი ავიღოთ და მრავალფეროვანი საახალწლო სუფრა გავშალოთ. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ შეიცვალა ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრის ღირებულება ათი წლის განმავლობაში და მოსახლეობის რა ნაწილის ჯიბე გასწვდება წლეულს საახალწლო სამზადისს.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "საახალწლო სუფრა ამ დროს ძალიან აქტუალური თემა და საახალწლო სამზადისის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად ოჯახების შემოსავლებისა, მათი შემადგენლობისა, ასაკობრივი თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ყველას ყურადღება საახალწლო სუფრის სამზადისზეა კონცენტრირებული. თუმცა ამ თვალსაზრისით სულ ცოტა ორ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჯერ ერთი, ყურადსაღებია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერია შემოსავლების უთანაბრობის მიხედვით.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის 10%-ის ფულადი სახსრები ყველაზე დაბალშემოსავლიანი 10%-ის ფულადი სახსრებისგან თითქმის 28-30-ჯერ განსხვავდება. თუ კიდევ უფრო ვიწრო წრემდე დავიყვანთ ამ მონაცემებს და ყველაზე შემოსავლიანი 5%-ის შემოსავლებს ყველაზე დაბალშემოსავლიანი 5%-ის ფულად სახსრებს შევადარებთ, სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინო, თითქმის 60-ჯერადი იქნება.

მეორე გარემოება, რომელიც ასევე მხედველობაშია მისაღები, ის არის, რომ მართლმადიდებელი ოჯახების ნაწილი ახლა შობის მარხვას იცავს და სამარხვო და არასამარხვო სუფრის სტრუქტურა და შესაბამისად მისი ღირებულებაც მნიშვნელოვნად განსხვავდება.

სხვადასხვა გამოკვლევით, მარხვას იცავს ზრდასრული მოსახლეობის 18%. მოსახლეობის 40% მარხვას იცავს კვირაში მხოლოდ ორი დღე, დანარჩენები კი ვერ ახერხებენ მარხვის შენახვას. ამიტომ, მოდი, საილუსტრაციოდ არასამარხვო სუფრა გავშალოთ და ვნახოთ, როგორ შეიცვალა საახალწლო სუფრის ღირებულება ბოლო ათი წლის განმავლობაში.

bpn

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათ წელიწადში ერთი ოჯახის შემოსავლები თითქმის სამჯერ გაიზარდა. გაიზარდა ხელფასებიც, დასაქმებულთა რაოდენობაც და სტატისტიკის მიხედვით, თითქოს ყველაფერი ამ მიმართულებით პოზიტიურად არის, მაგრამ თუ უფრო ახლოს მივალთ რეალობასთან, დავინახავთ, რომ საქმე არც ისე კარგად გვაქვს. ბოლო წლებში დიდი საფრთხე შეექმნა მოსახლეობის განკარგვითი სახსრების გამოყენებას. შინამეურნეობათა სულ უფრო მზარდი ნაწილი აღმოჩნდა საკრედიტო ორგანიზაციებზე დამოკიდებული და აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილი. ხშირად საკრედიტო დაწესებულებებში სესხს იმიტომ იღებენ, რომ კაზინოში ან სხვა აზარტული თამაშების დაწესებულებაში ითამაშონ. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ამ გზით ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებენ, თუმცა საპირისპირო შედეგი უფრო ხშირად გვინახავს, ვიდრე ვინმე კაზინოში გამდიდრებული. საკრედიტო დაწესებულებებისთვის გადახდილი თანხა და ამას დამატებული სათამაშო ბიზნესში დახარჯული თანხის მოცულობა ბოლო ათ წელიწადში 13,1-ჯერ(!) გაიზარდა, მაშინ როცა მოსახლეობის შემოსავლები, როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი. გამოდის, მოსახლეობას განკარგვითი სახსრები კიდევ უფრო ნაკლები რჩება. უფრო კარგად რომ ავხსნა: დაახლოებით 12 მილიარდი ლარიდან 4 მილიარდი, ანუ მოსახლეობის შემოსავლების თითქმის მესამედი, ან ბანკის პროცენტის დასაფარავად, ან სათამაშო ბიზნესში მიდის. გასათვალისწინებელია, რომ ამაში არ შედის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ონლაინსესხებში და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებისთვის გადახდილი თანხები. ამიტომ მოსახლეობის შემოსავლები ბოლო ათი წლის განმავლობაში ნომინალურად კი გაიზარდა, მაგრამ თუ ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, უკეთეს შემთხვევაში მოსახლეობის რეალური განკარგვადი სახსრები 10 წელიწადში მხოლოდ 35%-ით გაიზარდა. მაგრამ თუ ბოლო სამ წელიწადს ავიღებთ, გაზრდილი კი არა, შემცირებულია დაახლოებით 12%-ით. ამის მიზეზია ის, რომ ბოლო წლებში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ხარჯები, მათ შორის სათამაშო ბიზნესზე. რა შემოსავლებიც აქვს მოსახლეობას 365 დღის განმავლობაში, იქიდან 50 დღის შემოსავლები აუცილებლად უნდა წარიმართოს ბანკის პროცენტის დასაფარად და სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, რეალურად განკარგვადი სახსრები მოსახლეობას ნაკლები რჩება.

რომ ავიღოთ საშუალო საახალწლო სუფრა - და ეს პირობითი მაჩვენებელი იქნება. დაახლოებით იმას ჰგავს, საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა რომ განაცხადოს, კონკრეტულ მომენტში ჩვენი პაციენტების საშუალო ტემპერატურამ 37,8 გრადუსი შეადგინაო - თუმცა, პირობითად საშუალო ოთხსულიან ოჯახზე რომ გავშალოთ საახალწლო სუფრა და კიდევ ორი სტუმარიც გავითვალისწინოთ, 340 ლარი მაინც არის საჭირო. ეს თანხა კი შინამეურნეობათა განკარგვადი სახსრების დაახლოებით 48%-ია. გამოდის, საახალწლო სუფრას საშუალო ოჯახის ერთი თვის შემოსავლების ნახევარი სჭირდება. ეს თანხა გაცილებით მეტია იმ ხარჯთან შედარებით, რაც საახალწლო სუფრის გასაწყობად ოჯახს ათი წლის წინ სჭირდებოდა. მაგალითად, 2007 წელს ანალოგიური სუფრის ღირებულება 210 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ თითქმის ორჯერ არის გაზრდილი საქონლის ხორცის ფასი, ორჯერ და მეტად გაიზარდა ნიგვზის ფასი, საგრძნობლად გაიზარდა თაფლის ფასი. ღვინოც კი დაახლოებით 60%-ით არის გაძვირებული. შედარებით მცირედ გაიზარდა პურისა და ქათმის ხორცის ფასი, დაახლოებით 10%-ის ფარგლებში.

შესაბამისად, ვისი შემოსავლებიც ამ ათი წლის განმავლობაში არ გაზრდილა, ან გაეზარდა, მაგრამ ხარჯებმა შეჭამა მათი შემოსავლების ზრდა, მოუწევს მოაკლოს საახალწლო სუფრას გოჭი და ინდაური, ეკონომია გააკეთოს გოზინაყზე და შედარებით მცირე ულუფა მოამზადოს ან შედარებით იაფი ტკბილეულით გააწყოს საახალწლო სუფრა. გოგია უიშვილის დროინდელი სუფრა ბევრისთვის დღეს სანატრელია, რადგან მოსახლეობის 40%-ს ქართული საახალწლო სუფრის ღირებულებაზე ნაკლები ყოველთვიური შემოსავალი აქვს.

ამიტომ მათთვის 340-ლარიანი სუფრა მხოლოდ სტატისტიკური სიდიდეა და არავითარი ფინანსური და მატერიალური რესურსი ასეთი სუფრის გასაშლელად არა აქვთ".