სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "ჭიტას" მფლობელი მისი ბიზნესის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობაზე საუბრობს

სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "ჭიტას" მფლობელი მისი ბიზნესის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობაზე საუბრობს და ეჭვობს, რომ ამაში ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები არიან დაინტერესებული.

როგორც ბიზნესმენ ხათუნა ჩხიკვაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, საქმე ეხება კერძო დავას, რომელიც გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

ჭკადუას ინფორმაციით, მაღაზიათა ქსელ "ჭიტას" თევდორე მღვდლის ქუჩაზე საწყობი გააჩნია, რომლითაც ის გარკვეული პერიოდი სარგებლობდა, თუმცა, ახლა საწყობის შესასვლელი გზა მოსაზღვრე ობიექტის მფლობელმა ჩაუკეტა, რის გამოც ბიზნესმენი მაღაზიას საახალწლოდ შემოტანილი პროდუქციით ვერ ამარაგებს. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს სათამაშოებით დატვირთული ახალი კონტეინერი ჩამოვიდა, თუმცა მას საწყობში ისევ არ უშვებენ.

"თავის დროზე ორივე ობიექტს ჰქონდა საერთო შესასვლელი, მაგრამ შემდეგ, როდესაც გასხვისდა ის მეორე ობიექტი, ჩაუკეტეს გზა. დააყენეს შლაგბაუმი და დაპატიმრებული აქვთ 2 მილიონის ღირებულების პროდუქცია, რომელიც ახლა ახალი წლებისთვის ვერ გააქვთ მაღაზიებში. ვიძახებთ პატრულს, მოდის და მიდის. ვერაფერს ვერ აკეთებენ. ფაქტია, რომ ვიღაც დგას ამის უკან. საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც თქვა, გზით სარგებლობის უფლება აქვს ”ჭიტას”, თუმცა სააპელაციო სასამართლომ იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომ ასეთ საქმეებს სჭირდება 4-6 თვე, ორ კვირაში განიხილა მათი საჩივარი და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მისივე თქმით, იმ ობიექტის მფლობელის მიზანი "ჭიტას" საწყობის ხელში ჩაგდებაა.

"უნდათ რომ ეს ტერიტორიაც ჩაიგდონ ხელში კაპიკებად. შესთავაზეს კიდეც 100 ათასი, მაგრამ 700 ათასად შეფასებულ ქონებას, ამ ფასში ვინ გაყიდის? ამიტომ ცდილობენ გააკოტრონ", - აღნიშნა ჭკადუამ.