საქართველოსა და უკრაინას შორის ID ბარათით გადაადგილების საკითხზე ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ მუშაობა დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ განუცხადა, პროცესი დაძრულია, თუმცა როდის დასრულდება, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.
„როდესაც უკრაინის პრემიერი ბრძანდებოდა საქართველოში, მან გაახმოვანა სურვილი, რომ უკრაინა-საქართველოს ჰქონდეთ ID ბარათით მიმოსვლა, მსგავსად გამარტივებული რეჟიმისა, როგორც საქართველოს აქვს თურქეთთან. ინიციატივა მიღებულია, გაიცა შესაბამისი დავალებები და მიდის პროცესი. ეს არ არის მარტივი, თუმცა პროცესი დაძრულია, ორივე მხარე მუშაობს ამ თემაზე“, - განაცხადა დუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა საქართველოში ვიზიტისას გაახმოვანა ინიციატივა იმის შესახებ, რომ საქართველო-უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობით გახდეს შესაძლებელი.
„ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს“, - განაცხადა მან.