საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგეგმება, რომ 2020 წელს ანაკლიის პორტმა პირველი დიდი მოცულობის გემები მიიღოს.
“დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში, ეს არის რამდენიმე მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, თუმცა პირველი ეტაპი სამ წელიწადში დასრულდება და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2020 წელს მივიღოთ პირველი დიდი მოცულობის გემები. ეს არის დაახლოებით 500-დან 600 მლნ-მდე ინვესტიცია ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. მთლიანად ამ პორტის ზეგავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი. მთლიანად პორტი და მისი შემოგარენი, რომელიც ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერის თქმით, მალე დაიწყება ორი თანამედროვე სტანდარტის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა.
“სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტზე, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შემკრები ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.