აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შპს „მექანიზატორი“ 120 ერთეული შემასხურებელი სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტის შეძენას გეგმავს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წელს შპს „მექანიზატორი“ 120 ერთეული შემასხურებელი სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტის  შეძენას გეგმავს. (70 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანაზე დასამონტაჟებელი აგრეგატი „თერმული ნისლით“ დამუშავებისთვის, 50 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანაზე დასამონტაჟებელი აგრეგატი მაღალი ხეების დამუშავებისათვის)

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შპს „მექანიზატორი“-ს მიერ აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ბაზრის კვლევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის შეხვედრა 28 დეკემბერს, 18:00 საათზე შპს „მექანიზატორის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.