„რეზონანსი" - ევროპის მასშტაბით ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია, ყველაზე ძვირი - ნიდერლანდებში

ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების იმპორტი ელვის სისწრაფით იზრდება, ეს კი საწვავის მოხმარებას ამცირებს.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდების წილი კიდევ უფრო მოიმატებს, რაც საწვავის მოხმარების დინამიკაში ცვლილებას შეიტანს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 9 თვის შედეგებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა შეადგინა 46 608 ერთეული. აქედან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ჰიბრიდული და ელექტროძრავას მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში განხორციელდა 11,652 ერთეული ჰიბრიდული ძრავას მქონე მსუბუქი ავტომობილის იმპორტი, რაც მთლიანად იმპორტირებული ავტომობილების 25 პროცენტს შეადგენს. 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფიქსირდება 260-პროცენტიანი ზრდა.

ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების რაოდენობის მატების გამო, საწვავის მოხმარების შემცირებაზე საუბრობს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. როგორც მან "რეზონანსთან" აღნიშნა, პროცესი შეუქცევადია და მომავალ წლებში ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებების წილი ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საწვავის მოხმარებაზეც აისახება.

"საწვავზე მოხმარების ცვლილება პირდაპირ უკავშირდება ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების ზრდას. მიმდინარე პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა ამ ტიპის მანქანების შემოყვანა ჩვენს ქვეყანაში. ეს თავისთავად შეუქცევადი პროცესია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საწვავი გაძვირდა, ეს განაპირობებს მომხმარებლის ქცევას. იგი ცდილობს შეიძინოს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ნაკლებს ხარჯავს. ამით, ერთი მხრივ, ოჯახის ბიუჯეტს ზოგავს, მეორე მხრივ კი გარემოს დაცვის კუთხითაც წინ მივდივართ. რაც ნაკლები გამონაბოლქვი იქნება, გარემოც ნაკლებად დაბინძურდება.

ვფიქრობ, შემდგომ წლებში ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ელექტრომობილებზე ჯერ არ ითქმის, რომ მასშტაბური შემოდინებაა, მაგრამ პროცესი დაიწყო და ალბათ, მომავალში მათი ოდენობაც გაიზრდება. ეს თავისთავად იმოქმედებს მოხმარების შემცირებაზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ასეთი შეუქცევადი პროცესი მთელ მსოფლიოში ხდება. იზრდება ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების წილი. ჩემი აზრით, უახლოეს წლებში გაცილებით დიდი რაოდენობა იქნება ქვეყანაში", - განუცხადა "რეზონანსს" მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება საწვავის იმპორტის მაჩვენებლებს: 2017 წლის იანვარ-ნოემბრში საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტმა შეადგინა 979,1 ათასი ტონა, რაც 78,2 ათასი ტონით, ანუ 7.4%-ით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით.

სამაგიეროდ, 2017 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,9 ათასი ტონა, რაც 16,9 ათასი ტონით, ანუ 25,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტის სრული მონაცემები იანვარში გახდება ცნობილი, როდესაც მოხდება დეკემბრის მაჩვენებლების შეჯამებაც, თუმცა რეალური სურათი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება.

საქართველოში წელს საწვავის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და დიდი ხანია, 2 ლარს გადააჭარბა. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ისლანდიასა და ნორვეგიაში. ამ ქვეყნებში დიზელისა და ბენზინის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასს. კერძოდ, ნიდერლანდებში "სუპერის" ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,74 ევროს (დაახლოებით 5,23 ლარი), "პრემიუმის" ტიპის ბენზინის - 1,67 ევროს (დაახლოებით 5,02 ლარი), დიზელის საწვავის - 1,36 ევროს (დაახლოებით 4,09 ლარი);

ისლანდიაში "პრემიუმის" საშუალო ღირებულება 1,62 ევროა (დაახლოებით 4,87 ლარი), დიზელი კი 1,56 ევრო ღირს (დაახლოებით 4,69 ლარი). ნორვეგიაში "სუპერის" ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,66 ევროს (დაახლოებით 4,99 ლარი), "პრემიუმისა" კი - 1,57 ევროს (დაახლოებით 4,72 ლარი), დიზელის საწვავი 1,48 ევრო (დაახლოებით 4,45 ლარი) ღირს.

ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია, სადაც "სუპერი" 0,69 ევრო (დაახლოებით 2,08 ლარი) ღირს, "პრემიუმი" - 0,60 ევრო (დაახლოებით 1,80 ლარი), დიზელი კი - 0,57 ევრო (დაახლოებით 1,71 ლარი).

საინტერესოა საწვავის ფასი მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი. სომხეთში 1 ლიტრი "სუპერის" ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,79 ევროს (დაახლოებით 2,38 ლარი), "პრემიუმის" ტიპის ბენზინი - 0,75 ევროს (დაახლოებით 2,26 ლარი), დიზელის საწვავი კი 0,67 ევრო ღირს (დაახლოებით 2,02 ლარი). აზერბაიჯანში "სუპერს" საცალო ქსელში 0,74 ევროდ (დაახლოებით 2,22 ლარი) ყიდიან, "პრემიუმს" - 0,62 ევროდ (დაახლოებით 1,86 ლარი); დიზელს კი - 0,30 ევროდ (დაახლოებით 0,90 ლარი); უკრაინაში "სუპერის" ტიპის ბენზინის ფასი 0,89 ევროს (დაახლოებით 2,68 ლარი) შეადგენს, "პრემიუმისა" - 0,85 ევროს (დაახლოებით 2,56 ლარი), დიზელი კი 0,79 ევრო (დაახლოებით 2,38 ლარი) ღირს.

ყველაზე ძვირი საწვავი თურქეთშია, სადაც 1 ლიტრი "პრემიუმი" 3,70 ლარი ღირს, ხოლო დიზელი - 3,37 ლარი.

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი ასეთია: "სუპერი" - 2,43-2,56 ლარი; "პრემიუმის" ბენზინი - 2,33-2,46 ლარი; "რეგულარის" ბენზინი - 2,23-2,34 ლარი; დიზელი "ელ-62" - 2,27-2,32 ლარი; ევროდიზელი - 2,33-2,42 ლარი. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით ნაკლებია.

ნათია ლომიძე

გაზეთი „რეზონანსი"