რამდენით დაჯარიმდებიან სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც გაჩერების გარდა, ქუჩის სხვა მონაკვეთებზე გაჩერდებიან

სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან და მოსაცდელების გარდა, 14 ქუჩის სხვა მონაკვეთზე გაჩერდებიან, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა თბილისის მერიაში, მერის მოადგილე, მაია ბითაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღესაც არსებობს შესაბამისი რეგულაციები და ჯარიმები. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად არ გამოვიყენოთ ეს ჯარიმები. ამ შემთხვევაში საუბარია მიკროავტობუსების მგზავრების კომფორტზე. შეფერხება და დაჯარიმება საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც მგზავრისთვის, ასევე საპატრულო პოლიციისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება უფრო კომფორტულია, ვიდრე რეპრესიული მექანიზმების გატარება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, დასრულდება ის ქაოტური მდგომარეობა, რომელიც დღეს არის დედაქალაქში.

„მომავალი წლის თებერვლიდან დამთავრდება საორგანიზაციო საკითხები, შეტანილი იქნება ცვლილებები ნორმატიულ დოკუმენტებში და დაიწყება პროექტის განხორციელება. დარწმუნებული ვართ, ამის შედეგს ახლო მომავალში დავინახავთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განმარტა, რომ იქნება ორმაგი სამართლებრივი დაფარვა, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე სანებართვო პირობებით.

„იმ შემთხვევაში, თუ სამარშრუტო ტაქსები არ დაემორჩილებიან სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით უკვე განსაზღვრულ და მომავალში დამატებულ პირობებს, ამ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. სანებართვო პირობების დარღვევისთვის სანქცია არის 100 ლარი. ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის 200 ლარი იქნება. სანებართვო პირობების კონტროლი მერიის მხრიდან იმ 4 კომპანიის მიმართ, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული, კიდევ უფრო გამკაცრდება“, - განაცხადა ბითაძემ.