რუსეთიდან საქართველოში სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეფერხებულია. მძღოლები ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გადმოკვეთას რამდენიმე დღეა ცდილობენ.
როგორც შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რუსეთის მხარეს მსგავსი პრობლემა ხშირია, ქართველი მებაჟეები კი მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მეტი სატრანსპორტო საშუალება გამოატარონ.
„პრობლემა ნამდვილად არსებობს. რუსეთის მხარეს აკუმულირებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის ტრაილერი, თუმცა, გუშინ გაცილებით ბევრი იყო. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენმა მებაჟეებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რომ მეტი ტრაილერი შემოსულიყო.
ჩვენს მხარეს არც ერთი ტრაილერი არ დგას, რუსეთიდან დაგროვილი მანქანები კი მაქსიმალურად გამოატარეს და დღის განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება მათი რიცხვი.
რუსეთის მხარეს მსგავსი პრობლემები - ნეიტრალურ ტერიტორიაზე ავტომობილების, როგორც დიდი სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ავტობუსების დაგროვება ხშირად ხდება.
ჩვენი მებაჟეები მუდმივ კონტაქტზე და საკონსულტაციო რეჟიმში არიან მეზობელი ქვეყნის მებაჟეებთან და მაქსიმალურად დავეხმარეთ მათ, რომ მეტი სატრანსპორტო საშუალება გამოგვეყვანა“, - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.