„რეზონანსი" - დენის ტარიფის გაზრდით კანონი უხეშად დაირღვა

ახალ წელს მოსახლეობა გაზრდილი გადასახადითა და უცვლელი შემოსავლით ხვდება, რაც მათ სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. გადასახადის მატების საჭიროებას ვერ ხედავენ ენერგეტიკოსებიც. მათ პოზიციას იურისტი დავით ებრალიძეც იზიარებს. მისი აზრით, სემეკის მიერ ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა?

დავით ებრალიძე: სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ტარიფის მატება განპირობებულია სამომავლოდ დარგში განსახორციელებელი ინვესტიციებით. ესე იგი, უკვე გაწეული ხარჯის ასახვა კი არ მოხდა ტარიფში, არამედ მომავალში გასაწევს წინასწარ უმატებენ, არადა, კანონი ამის უფლებას არ იძლევა.

ტარიფი დგინდება "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 43-ე მუხლების შესაბამისად. ამ მუხლებში კი აღნიშნულია, რომ ტარიფში მხოლოდ გაწეული ხარჯი შეიძლება აისახოს და არა მომავალში გასაწევი. გამოდის, რომ ახალი ტარიფები კანონშესაბამისი არ არის, ეს აშკარაა.

"რ": რა პრობლემას შექმნის ეს სამომავლოდ?

დ.ე: მარტივი ამბავია, თუმცა ამაზე ალბათ არ დაფიქრებულან. მომავალში გასაწევ ხარჯს როდესაც ასახავ ტარიფში, ამან შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს. ის თანხა, რომელიც ძირითად საშუალებებს ხმარდება, ისევ ტარიფში ხვდება. ეს არა მარტო კანონითაა დაუშვებელი, არამედ ამან შეიძლება ტარიფის დუბლირება გამოიწვიოს.

"რ": ელექტროენერგიის გარდა, ტარიფი გაიზარდა წყალზეც. ეს ყველაფერი მოსახლეობის მდგომარეობაზე რამდენად მძიმედ აისახება?

დ.ე: ტარიფის ზრდა, იქნება ეს ელექტროენერგიის თუ წყალმომარაგების, მიზერულიც რომ იყოს, მაინც ნეგატიურად იმოქმედებს მოსახლეობაზე. მათი შემოსავალი მხოლოდ გადასახადებში არ უნდა იხარჯებოდეს. კომუნალურმა ტარიფმა შეიძლება მოიმატოს რამდენიმე თეთრით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეესაბამება ეს ცვლილება კანონს. არ არსებობს მოსახლეობის ფენა, რომელიც გადასახადის მატებას დადებითად შეხვდება.

"რ": ტარიფების ზრდა ალბათ პროდუქტებსა და სხვა სახის საქონელზე ფასის მომატებას გამოიწვევს.

დ.ე: რა თქმა უნდა, ყველაფერზე იმოქმედებს. ფასები აუცილებლად გაიზრდება სამომხმარებლო საქონელზე. ამას გარდა, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზეც უარყოფითად აისახება. შეიძლება საწარმოებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი (ან ადგილობრივ ბაზარზე), პრობლემა შეექმნათ და ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობა დაეცეს. ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა.

"რ": როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლებოდა, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა შესაბამის უწყებებს თავიდან აეცილებინათ?

დ.ე: სემეკმა რადგან ტარიფი გაზარდა, მისი წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელი იყო, რაც არ ნიშნავს, რომ ეს ჭეშმარიტებაა. არსებობს სხვა გზაც. შეიძლება მომხმარებლებმა თავიანთი უფლებები სასამართლოს მეშვეობით დაიცვან, თუმცა ერთი და ორი ადამიანი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ნათია ლომიძე

გაზეთი „რეზონანსი"