2017 წლის გამანადგურებელი მწერი -აზიური ფაროსანას შემოსევა წლის მოვლენებში შევა

2017 წლის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა, ცოტაც და კიდევ ერთი წელი გახდება ისტორიის საკუთრება. როგორ აფასებენ ეკონომისტები მთელი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რა მიაჩნიათ დადებით და უარყოფით მოვლენებად - ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა:

სოსო არჩვაძე - ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი:

-დავიწყოთ პოზიტივით, რადგან ახალი წელი მოდის და მსურს ჩვენს მოსახლეობას წარმატებული და ბედნიერი 2018 წელი ვუსურვო. 2017 წელს ერთ-ერთ პოზიტიურ მოვლენად უნდა დავასახელოთ ეკონომიკური ზრდა, რომელიც თითქმის 5%-ის ფარგლებშია. ეს არის მაგისტრალური გზა ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, სხვა რეცეპტი კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. პოზიტივად მიმაჩნია საქართველოს გააქტიურება საერთაშორისო ასპარეზზე - პირველ რიგში, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას ვგულისხმობ. ეს ნიშნავს, რომ ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე უფრო სრულად იქნება წარმოდგენილი და ამ დიდ ქვეყანასთან ურთიერთობა გაღრმავდება.

უარყოფით მოვლენებს შორის უნდა დავასახელო ის, რომ 2017 წელს ინფლაციის მაჩვენებელი შესამჩნევად გაიზარდა და თითქმის ორჯერ გადააჭარბა ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილ მიზნობრივ მაჩვენებელს. ბუნებრივია, ამან სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა მოსახლეობას. ყველაზე მეტად ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფენა დაზარალდა, განსაკუთრებით პენსიონერები, რომელთა შემოსავალი 8-10%-ით შემცირდა. ვალუტის კურსის დაცემამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობაზე.

ერთგვარი ეკონომიკური უცნაურობა იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია მოსახლეობის შემოსავალზე. არ გაზრდილა პენსია და ეს არც მომავალ წელს არის გათვალისწინებული, რაც კიდევ უფრო ამწვავებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. ერთდროულად ნეგატიური მოვლენაც და მოულოდნელობაც იყო აზიური ფაროსანას არნახული გავრცელება, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა დასავლეთ საქართველოს და მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. 2017 წელს ისტორიას აუცილებლად შემორჩება, როგორც აზიური ფაროსანას შემოსევის წელი საქართველოში. მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მწერის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდა. იმედია, ამ პატარა, მაგრამ საშიშ არსებას 2018 წელს მაინც დავამარცხებთ.

ვაჟა კაპანაძე - ანალიტიკოსი:

პოზიტიურ ასპექტებს მე უფრო საგარეო ურთიერთობებში ვხედავ. მათ შორის უნდა დავასახელო აბრეშუმის გზის კორიდორის გაფართოება და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ასევე - ევროკავშირთან დაახლოებაც. სხვათა შორის, ბოლო ხანებში მომხდარი სამთავრობო ცვლილებებიც პოზიტიურ მოვლენად მიმაჩნია, რადგან ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა ერთ წერტილზე გაიყინა. ცვლილებები კი, ყოველთვის ახალ იმედებთან და დადებით ინიციატივებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება უარყოფით ასპეტებს, 2017 წლის ნეგატივი პირველ რიგში იყო ის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაცლილი გახლდათ ახალი ინიციატივებისაგან. ნეგატიური მოვლენა იყო, რა თქმა უნდა, ლარის კურსის არასტაბილურობა, ინფლაციის მაღალი დონე და სასიკეთო სიახლეების ნაკლებობა ეკონომიკაში. ალბათ, სოფლის მეურნეობაში გატარებული რეფორმებიც წარუმატებელი რეფორმების სიაში უნდა შევიტანოთ.

ანზორ ჭითანავა - საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი:

-მე ვფიქრობ, რომ 2017 წელს დადებითი ძვრები ჩვენს ეკონომიკაში ნამდვილად მოხდა, თუმცა, დღეს ძირითადად ენერგეტიკაზე ვისაუბრებ: სასიამოვნო ტენდენცია გახლავთ ენერგიის მოხმარების ზრდა, რაც მთლიანი ეკონომიკის ზრდაზე მიუთითებს, თუმცა ენერგეტიკის ზრდის ტემპები მე არ მომწონს, რადგან ენერგეტიკის განვითარება ეკონომიკის ზრდის ტემპს უნდა უსწრებდეს. შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ენერგეტიკამ ბიზნესის განვითარებას ფეხი ვერ აუწყო. მართალია, გამომუშავება გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ზრდა. იმპორტი ყოველწლიურად იზრდება და ეს მკვეთრად უარყოფითი მოვლენაა. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდეს. რა თქმა უნდა, ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მოსახლეობის შემოსავალი არ გაზრდილა. ელექტროენერგიის გაძვირება ნეგატიურ მოვლენებს შორის უნდა ჩავწეროთ მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი სწორად არის დათვლილი. რატომაა, რომ ტარიფები მთელ მსოფლიოში იზრდება, მაგრამ მოსახლეობა პროტესტს არ გამოთქვამს? - იმიტომ, რომ მოწინავე ქვეყნებში შემოსავალი ტარიფების პროპორციულად მატულობს.

ხათუნა ჩიგოგიძე