„ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია“ - ეს საკმაოდ ცნობილი ფრაზაა და ადასტურებს, რომ ძაღლს შეუძლია პატრონს შეუქმნას კომფორტი, მისცეს სიყვარული და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. ძაღლის შეძენა ბევრგან არის შესაძლებელი, თუმცა თუ ჯიბე სავსე გაქვთ და ძაღლის შეძენით ხართ დაინტერესებული, ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში გთავაზობთ საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებულ ძაღლებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინ ჰოროსკოპით ძაღლის წელია.
ტიბეტური მასტიფი - 1.9 მლნ აშშ დოლარი - რამდენიმე წლის წინ ჩინელმა უძრავი ქონების მაგნატმა სახელი იმით გაითქვა, რომ ტიბეტური მასტიფის შესაძენად დაახლოვებით 2 მლნ დოლარი გადაიხადა. ეს გიგანტური ძაღლი ცნობილია მშვიდი ყოფაქცევით, გადმოგდებული ენითა და ხშირი ბეწვით თავის გარშემო. ფასის სიდიდეს განაპირობებს ამ ჯიშის იშვიათობა, რის გამოც მისი ფლობა მდიდარი ადამიანებისთვის საკუთარი სტატუსის ხაზგასმის ერთგვარ საშუალებად გადაიქცა. სხვათა შორის, 2011 წელს იმავე ჯიშის ძაღლი 1.5 მლნ დოლარად გაიყიდა.
ინგლისური ბულდოგი - 4500$ - ამ ჯიშის ძაღლები ცნობილია განსაკუთრებით მეგობრული ხასიათის გამო. ისინი დაახლოებით 10 წელი ცოცხლობენ და ოჯახის წევრების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან. განსაკუთრებით ყურადსაღებია მისი ჯანმრთელობა, რადგან დროის მსვლელობასთან ერთად ის უარესდება, ამიტომ მზად უნდა იყოთ ვეტერინარებთან ხშირი ვიზიტისთვის. სირთულეების თავიდან ასაცილებლად ყველაზე დიდი ყურადღება მის ჯანსაღ კვებას უნდა დაეთმოს.
სამოიედი - 4000$ - ეს ჯიში ცნობილია ფუმფულა აღნაგობისა და თეთრი ბეწვის წყალობით. ჯიში ციმბირულია და ადგილობრივი ტომების, სამოიედებს ეკუთვნოდა. ძაღლებს ირმების სამწყემსად იყენებდნენ. მისი მარხილში შებმაც შესაძლებელია. მათ აქვთ ძალიან მეგობრული და აქტიური ხასიათი. მათთვის აუცილებელია ჯანსაღი კვება. მისი ფასი კი 4000-დან 6000 დოლარამდე მერყეობს.
ფარაონის ძაღლი - 6500$ - მიუხედავად სახელისა, ამ ძაღლს არაფერი აქვს საერთო ეგვიპტესთან. სავარაუდოა, რომ სახელი ძაღლის შესახედაობამ გამოიწვია, რადგან ძალიან ჰგავს ეგვიპტურ მხატვრობაში გადმოცემულს. ძაღლი მაღალტანიანი და ძალიან ათლეტური აღნაგობისაა. ამ ჯიშის გაწვრთნა ძალიან ძნელია, ამიტომაც თუ შეძენას გადაწყვეტთ, მაშინ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.
ირლანდიური მგელძაღლა (Irish Wolfhound) – 2000$ - ამ ჯიშის ძაღლები დიდი ზომით გამოირჩევა და მათთან ყოფნა შეუჩვეველი ადამიანებისთვის ცოტა გამაღიზიანებელიცაა. ჯიში ნადირობისთვის, კერძოდ კი მგელზე სანადიროდ გამოიყვანეს. ასევე გამოიყენება თავდაცვისთვის. მსოფლიოში ეს ძაღლი ყველაზე მაღალია. ფარაონის ძაღლის ჯიშის მსგავსად, მასაც თავისებური ხასიათი აქვს, ამიტომ მისი გაწვრთნა ძალიან რთულია. დიდი ყურადღება სჭირდება მის ჯანსაღ კვებასაც.
აზავახი (Azawakh) – 3000$ - ეს ძაღლი აფრიკულია და გარეგნობით ძალიან ჰგავს რბოლაში მონაწილე ძაღლებს. მიუხედავად სიგამხდრისა, ძალიან ძლიერი აღნაგობით გამოირჩევა და მისი ფორმის შესანარჩუნებლად ბევრი ვარჯიშია საჭირო. განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა, რომ ტრავმისგან გამოკეთება სხვებზე უფრო სწრაფად შეუძლიათ.
სპანიელი
(Cavaliers King Charles Spaniel) – 1000$ - 14000$ - ეს მომცრო ზომის ძაღლი 14 წელი ცოცხლობს, ხოლო მისი ფასი საკმაოდ დიდ შუალედში მერყეობს. ის არის მეგობრული, მშვიდი და თამაშის მოყვარული. თუკი ოჯახისთვის ძაღლი გჭირდებათ, ეს საუკეთესო არჩევანია.პერუელი ინკების ორქიდეა (Peruvian Inca Orchid) – $3,500 - ამ ჯიშის ძაღლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შესახედაობისაა. ღია ფერის ბეწვი მხოლოდ თავსა და კუდზე ამოსდით. ყველაზე სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ძაღლი დისნეის ეკრანიდანაა გადმოსული, უბრალოდ ძალიან რეალური შესახედაობით.
როტვეილერი - 4000$ - ეს დიდი და ინტელიგენტური შესახედაობის ძაღლი უსამართლო კამპანიის მსხვერპლი გახდა. მართალია ეს ჯიში აგრესიულობით არის ცნობილი, მაგრამ ეს ცუდი მფლობელების ბრალია, რომლებიც მის ბრწყინვალე აღნაგობას უარყოფითად იყენებენ. ძაღლი გამოირჩევა ჭკუითა და ერთგულებით. მისი გაწვრთნა შეიძლება როგორც პოლიციისთვის, ისე სამედიცინო მიზნებისთვის. ამ ძაღლს სახლში დიდი ფართი სჭირდება, ამიტომ ესეც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში.
აკიტა - 4500$ - ეს ჯიში იაპონიის ჩრდილოეთში, მთიან რეგიონებს ეკუთვნის. არის ორი სახეობის აკითა - იაპონური, რომელსაც ერთგვაროვანი შეფერილობა აქვს და ამერიკული, რომლის შეფერილობა მრავალნაირი შეიძლება იყოს. ძაღლს აქვს ძალიან ძლიერი ყბა, ოჯახის წევრებისადმი მოსიყვარულეა და ყველაზე დიდი პოპულარობით იაპონიაში სარგებლობს.
ლოუჩენ (Lowchen) – 6000$ - ძაღლის სამშობლო საფრანგეთი და გერმანიაა, ხოლო მისი მცირე ზომის მიუხედავად, ძალიან ძვირი ღირს. მისი ფასი განპირობებულია მსოფლიოში ამ ძაღლების იშვიათობით, რომელზეც ცნობები მე-15 საუკუნის დასაწყისიდან გვხვდება. ძაღლი 35 სმ. სიმაღლისაა და 8 კილოგრამს იწონის.
სენბერნარი - 1500$ - თუ 90-იანებში გაიზარდეთ, მაშინ ამ ჯიშის ძაღლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გექნებათ. ეს ძაღლები გიგანტური ზომისაა, მეგობრულია და მთელს მსოფლიოშია ცნობილი. წონაში 90 კილოგრამს შეიძლება მიაღწიოს და 10 წლამდე შეიძლება იცოცხლოს. ამ ძაღლის ფასი საკმაოდ მისაღებია და ნამდვილად ღირს შეძენად, თუ დაუთმობთ დროს მის გაწვრთნას და შეუნარჩუნებთ აქტიურ ცხოვრების წესს.
ბოერბოელი - 1600$ - ეს ჯიში სამხრეთ აფრიკაშია ცნობილი როგორც სახლის დაცვისთვის შეუდარებელი. ზომებით სენბერნარს არ ჩამოუვარდება, წონაში 90 კილოს აღწევს და სიმაღლეში 71 სანტიმეტრამდე შეიძლება გაიზარდოს. სიცოცხლის ხანგრძლოვობა 11 ან 12 წელი გრძელდება. გამოირჩევიან ჭკუით, ერთგულებით და შეუდარებლია სახლის დასაცავად, თუმცა ძალიან კარგად შეუძლია ბავშვებთან თამაშიც.
მინიატურული ბულტერიერი - 1700$ - თუ გსურთ ენერგიული ძაღლის შეძენა, რომელიც ბავშვებსაც შეეწყობა, მაშინ ამ ჯიშის ძაღლი საუკეთესო არჩევანია. ეს არის მეგობრული და ოჯახურ ვითარებას ძალიან კარგად ეგუება. ცოცხლობს დაახლოვებით 13 წელი. მისი გაწვრთნა ადვილია და ასევე ძალიან ჭკვიანია.
ლენდსიერი (Landseer) – 2000$ - ეს არის გრძელი ბეწვის მქონე, საშუალო ზომის ძაღლი, რომლიც დაახლოვებით 10 წელი ცოცხლობს. ძაღლი გერმანულია და პირველად სწორედ აქ გახდა პოპულარული. ლენდსიერი არის ერთგული, მოსიყვარულე და ძალიან ჭკვიანი. სწორედ ამის გამო გერმანელები მას სამძებრო სამუშაოებისთვის იყენებენ. იდეალურია სამაშველო სამუშაოებისთვისაც.
შავი რუსული ტერიერი - 2100$ - ტერიერის ჯიშებში რუსული ტერიერი ნამდვილად გამორჩეულია. სიმაღლეში 76 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონაში 65 კილოგრამს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წელს აღწევს. მას ძალიან უყვარს როგორც პატრონთან თამაში, ისე დამოუკიდებლად დროის ტარება.
ჩაო ჩაო - 3500$ - ეს დიდი ზომის ფუმფულა ძაღლები საუკეთესოა თავდაცვისა და გართობისთვის. ეს ჯიში ჩინეთიდან მომდინარეობს და მასზე ცნობები ძველი წელთაღრიცხვის 300 წლიდან გვხვდება. მაშინ მას სანადიროდ იყენებდნენ. მის მოვლას დიდი ყურადღება და რესურსი სჭირდება.