მისო კრისტალმა 10 მილიონი ლარის ღირებულების არასუბორდინირებული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა

28 დეკემბერი, 2017, თბილისი - ს.ს. მისო „კრისტალმა“ წარმატებით უზრუნველყო 10 მილიონი ლარის ღირებულების 2-წლიანი (2019 წლის დეკემბრამდე) კორპორატიული ობლიგაციების ემისია. კუპონის წლიური განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთისა და 4.5%-ის ჯამით განისაზღვრა. საბროკერო კომპანია ს.ს. „გალტ & თაგარტის“, როგორც ტრანზაქციის მენეჯერის, დახმარებით, მოხდა ემიტირებული არასუბორდინირებული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების 100.00%-ის საწყისი განაკვეთით რეალიზაცია. დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება.

კორპორატიული ობლიგაციების აღნიშნული ემისია პირველია საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორისათვის. ის წარმოადგენს ინსტორიულ ტრანზაქციას საქართველოსთვის. ამ მნიშვნელოვან მოვლენას დადებითად შეხვდნენ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები. მაღალი ინტერესის გამო, გამოშვებული ობლიგაციებზე მოთხოვნა ორჯერ აღემატებოდა ემისიის მოცულობას.

აღნიშნული ოპერაცია კრისტალისათვის ლარის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს. ამ კაპიტალის მობილიზება ხელს შეუწყობს სასესხო პორტფელის ზრდას და კიდევ უფრო განამტკიცებს კომპანიის წამყვან პოზიციებს ადგილობრივ ბაზარზე.

„მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ლარით დენომინირებული ობლიგაცია კრისტალის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და საფინანსო სექტორის დედოლარიზაციისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია. მოზიდული დაფინანსებით კრისტალი გააგრძელებს მიკრო-მეწარმეებისა და ფერმერების დაფინანსებას მთელი საქართველოს მასშტაბით“ - განაცხადა კრისტალის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.

„მიხარია, რომ გალტ & თაგარტ-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრისტალის ობლიგაციების გამოშვებაში. საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში ეს არის ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტის გამოყენების პირველი შემთხვევა. ობლიგაციების განთავსებას კარგად შეხვდა ინვესტორების საზოგადოება. მსურს მივულოცო კრისტალს ამ გრანდიოზული ოპერაციის წარმატებით დასრულება. მე მჯერა, რომ ეს ქმედება გაამყარებს კრისტალის წამყვან პოზიციებს საფინანსო ბაზარზე და კიდევ უფრო გაზრდის კომპანიის შესაძლებლობებს მოიზიდოს მეტი დაფინანსება ლარში. ასევე, მსურს მივულოცო გალტ & თაგარტ-ის გუნდს მორიგი წარმატება. დღეისათვის გალტ & თაგარტი არის წამყვანი საბროკერო კომპანია საქართველოში, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აწვდის საბანკო ინვესტიციების სერვისებს და თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,” - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტ-ის ხელმძღვანელმა.

(R)