2003-ის შემდეგ დოლარი წელს ყველაზე ცუდი შედეგით ასრულებს

ამ წლის ბოლო სავაჭრო დღეს, დოლარის ინდექსი ბოლო სამი თვის მინიმუმამდე შემცირდა.

მისი მაჩვენებელი ყველაზე მეტად, ევროს და გირვანქა სტერლინგის გამყარებამ დააზარალა. ამგვარად, ამერიკული ვალუტა ამ წელს, 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგით ასრულებს, რაც თითქმის 10%-იან კლებაში აისახება.

არადა, 2017 წელი დოლარისთვის კარგად დაიწყო. მისი ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტის მიმართ საშუალო კურსს ასახავს, ბოლო 14 წლის მაქსიმუმს მისწვდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბაზარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ რეფორმებს და მათი მეშვეობით, ინფლაციის და ეკონომიკის სწრაფ ზრდას ელოდა.

მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს მოლოდინი შეცვალა ეჭვმა, რომ ტრამპი თავის წამოწყებას ბოლომდე ვერ მიიყვანდა. პარალელურად, მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები წარმატებით მუშაობენ და სულ უფრო უახლოვდებიან მომენტს, როცა მონეტარული პოლიტიკის გამყარებას დაიწყებენ. ამგვარად, შესაძლებელი გახდება იმ სხვაობის შემცირება, რომელსაც ფედრეზერვმა ბოლო წლის განმავლობაში, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევით მიაღწია.

„სოსიეტე ჟენერალის“ სავალუტო სტრატეგი, ალვინ ტანი ამბობს, რომ წლის დასაწყისში დოლარი ევროსთან, იენთან და სტერლინგთან მიმართებით, ზედმეტად ფასობდა (გადაყიდული იყო) და მისი მკვეთრი კლება ამ ფაქტორმაც გამოიწვია.

ევროს ფასი დღეს 1.1992 დოლარამდე გაიზარდა და ახლოსაა ბოლო სამი წლის მაქსიმუმთან (1.2085). საერთო ჯამში, ევრო დოლართან მიმართებით წელს თითქმის 14%-ით არის გაზრდილი, რაც 2003 წლის შემდეგ მისი საუკეთესო შედეგია.

სტერლინგმა „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდეგ, დოლართან მიმართებით დაახლოებით 10%-ით დაიკლო, თუმცა წელს მისმა ზრდამ 9.5%-ს მიაღწია, რაც 2009 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია. დღეს სტერლინგის ფასი 1.3511 დოლარამდე გაიზარდა.

„ბეკლიზის“ ტოკიოს ოფისის სავალუტო სტრეტეგი, შინ კადოტა თვლის, რომ ტრენდის ცვლილება პოზიციების რებალანსირების შედეგად მოხდა. მისი პროგნოზით, დოლარის გაყიდვა, განსაკუთრებით კი იენთან წყვილში, ახალი წლის პირველ დღეებშიც გაგრძელდება, თუმცა შემდეგ ინვესტორები კვლავ მის შეძენას დაიწყებენ. ამერიკული გაყიდვის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინსტიტუციურ ინვესტორებს წლის ბოლოს ანგარიში აქვთ ჩასაბარებელი, რათა გადასახადების გადახდა შეძლონ. ეს კი მათ ბალანსის დაფიქსირებას ავალდებულებს.

დოლარი იენთან წყვილში 0.3%-ით, ბოლო ათი დღის მინიმუმამდე შემცირდა და 112.56 იენის სიახლოვეს იმყოფება. გასული წლის განმავლობაში, ამ წყვილის ფასი დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული.