ლუხუნი 2 ჰესი აუქციონზე 11.5 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია „გალტ&თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებულ ელექტროენერგიის ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.
„გალტ&თაგარტის“ ცნობით, ინვესტორის „რუსთავი ჯგუფის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჰესი სახელმწიფოს გადაეცა.
„53,500 აშშ დოლარით გადაუხდელი ჯარიმები დაიფარება, ხოლო დანარჩენი თანხა პროექტის ყოფილ მფლობელს გადაეცემა. თუ არცერთი განაცხადი არ გაკეთდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე, 2017 წლის 28 დეკემბერამდე, მეორე რაუნდში აუქციონი განახევრებული ფასიდან დაიწყება. წინასწარი გათვლებით, დახარჯული 11.5 მლნ აშშ დოლარის გარდა, მშენებლობის დასასრულებლად 10 მლნ აშშ დოლარი და 24-თვიანი სამუშაოები იქნება საჭირო,“-ნათქვამია „გალტ&თაგარტის“ ინფორმაციაში.
პროექტის მიხედვით, „ლუხუნი 2“ ჰესის წლიური გამომუშავება 73.6 გვტ.სთ. იქნება, რომელსაც ინვესტორი დერეგულირებულ ფასად გაყიდის.