ახლა "მოდაშია" ჩინოვნიკთა მანქანები შავი სალონით და რაც მთავარია, ვერცხლისფერი!

საქართველოში თანამდებობა კარგ კაბინეტსა და აუცილებლად კარგ ავტომობილთან ასოცირდება, ფაქტია, კომფორტის გასაუმჯობესებლად ჩინოვნიკები თავს არ ზოგავენ , თანაც, თუ ტენდენციას დავაკვირდებით, სახელმწიფო ავტოპარკი ქვეყანაში, სადაც მილიონამდე სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, ფაქტობრივად, ორწლიანი შუალედით ახლდება. ალბათ, ირინა იმერლიშვილის არ იყოს, მმართველთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წინამორბედის ავტომობილით გადაადგილება საქმიანობაში ხელს უშლის­ - ზოგს სიგარეტის სუნი აწუხებს, ზოგს კიდევ ბიუჯეტის ხარჯზე რომელიმე ძვირად ღირებული საავტომობილო ცენტრიდან ახალი მანქანის გამოყვანის სიამოვნების განცდის სურვილი არ ასვენებს. მოკლედ, პოლიტიკოსების ახირებებს მილიონობით ლარი ისე ეწირება, ქვეყანა ამით ხეირს ვერ ნახულობს. მაგალითად, ბოლოს ხელისუფლებამ ავტოპარკი 2015 წელს განაახლა, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა ახალი მანქანების შესაძენად ტენდერი ისევ გამოაცხადა და 19 სედანის ტიპის ავტომობილისთვის ბიუჯეტიდან 855.000 ლარიც გამოყო. თუ მარტივ მათემატიკურ უნარებს მოვიხმობთ, გამოდის, რომ თითო მანქანაში პარლამენტი მზადაა 45.000 ლარი გადაიხადოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ ყველა ავტომობილი უნდა იყოს 2017 წელს გამოშვებული, მარცხენასაჭიანი, შავი სალონით და რაც მთავარია, ვერცხლისფერი! რატომ მაინცდამაინც ვერცხლისფერი და შავი სალონით? არსებობს ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკოსების არა მორიგ ახირებასთან, არამედ რომელიმე კომპანიაზე მორგებულ პირობებთან უნდა გვქონდეს, თუმცა ამას ტენდერის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავუბრუნდებით. ანალოგიური გეგმები აქვთ თვითმმართველობებშიც, მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმაც გამოაცხადა ტენდერი ავტომობილის შესაძენად, მაქსიმალურ თანხად კი, დაახლოებით, 48.000 ლარი განსაზღვრა. 45.000 ლარს იხდის მაღალი გამავლობის ჯიპში დედოფლისწყაროს მერიაც.

ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება ერთდროულად გამოცხადებული ტენდერები, მანამდე კი გადავწყვიტეთ, თვალი გადაგვევლო უახლოესი წარსულისთვის და კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა, როგორ იცვლებოდა ჩინოვნიკების გემოვნება ავტომობილების მიმართ.

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფოს ჰყავდა ორი "მერსედესი", რომელიც პრეზიდენტის ესკორტში ირიცხებოდა - ერთი მუქი ნაცრისფერი, მეორე კი - ღია მწვანე. როგორც ცნობილია, მოგვიანებით გამსახურდიამ ერთი ავტომობილი ესკორტში დაიტოვა, მეორე კი ასლან აბაშიძეს გადასცა. ავტომობილები სახელმწიფომ გერმანიაში 1991 წელს, კერძოდ, მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთმა მინისტრმა კახი ასათიანმა შეიძინა. ასლან აბაშიძის მანქანას ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდა და თურქეთში გასაკეთებლად გადაიყვანეს. რა ბედი ეწია მას შემდეგ ავტომობილს, ბუნდოვანია, რაც შეეხება მეორე "მერსედესს", გამსახურდიამ 1992 წლის 5 იანვარს სწორედ ამ მანქანით დატოვა საქართველო, დღეს ავტომობილი სახელმწიფო ესკორტისთვის გამოყოფილ სპეციალურ სადგომზეა. შეიძინეს თუ არა სახელმწიფოსთვის სხვა ავტომობილები, დოკუმენტურად არ დასტურდება - ავტოპარკი, ძირითადად, დაკომპლექტებული იყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სახელმწიფოში დარჩენილი მანქანებით, რომლებიც კონკრეტულ ჩინოვნიკებს ემსახურებოდა და არა სხვადასხვა დეპარტამენტს.

რაც შეეხება საქართველოს მეორე­ პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდს, სახელმწიფო ავტოპარკში, ძირითადად, თეთრი "გაზ-31-10" და თეთრი "ნივა" ჭარბობდა. სწორედ "გაზ 31-10" ემსახურებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მის მოადგილეს და კიდევ რამდენიმე პრივილეგირებულ დეპუტატს 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტში. თუ ამ პერიოდში სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ ავტომობილების შეძენის მაჩვენებელს დავაჯამებთ, ე.წ. სახელმწიფო მანქანა მაშინდელ 78 ჩინოვნიკს, დეპუტატებსა და სახელმწიფო აპარატის რამდენიმე თანამშრომელს ემსახურებოდა.

წლებთან ერთად იზრდებოდა მაღალჩინოსნების "სიყვარულიც" ავტომობილების მიმართ. თუმცა სახელმწიფო ტრანსპორტის გამოყენების წესის დარეგულირება შევარდნაძემ 2000 წლის 11 აგვისტოს 364-ე ბრძანებულებით სცადა. დოკუმენტში სამი ტიპის სახელმწიფო ტრანსპორტი იყო აღწერილი. სატრანსპორტო­ საშუალებების რაოდენობა უწყებებში თანამშრომელთა რაოდენობაზე იყო დამოკიდებული - ყოველ ორმოცდაათ თანამშრომელზე ერთი მანქანა. თუმცა ავტომობილების ამ მასშტაბით შეძენის რესურსი სახელმწიფოს მაშინ არ გააჩნდა და სახელმწიფო მანქანები ისევ გავლენიან ჩინოვნიკებს ემსახურებოდა.

სახელმწიფო ავტოპარკის სრულად განახლება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ აქტიურად დაიწყო - ყველა სამინისტროსა თუ რეგიონში მანქანები სრულად გამოიცვალა. ამჯერად, უპირატესობა ენიჭებოდა ახალ, ევროპულ ავტომობილებს. თუმცა რეკორდული თანხა სახელმწიფომ ავტომობილებში მაინც 2011-2012 წლებში გადაიხადა. კერძოდ, 2011 წლის იანვარში სახელმწიფომ სახელმწიფო ავტოპარკისთვის შეისყიდა 2146 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ღირებულებამ ჯამში 61,439,788 ლარი, 16,545,081 დოლარი და 110,000 ევრო შეადგინა. ყველაზე ძვირად ღირებული ორი ავტომობილი იყო - "ტოიოტა ლექსუსი LX570", რომელშიც სახელმწიფომ 169,014 ლარი გადაიხადა და ასევე, შს სამინისტროს მიერ შეძენილი 110.000 ევროდ ღირებული Mercedes-Benz 500 L 4MATIC BLUEEFFIC-ი.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 1 იანვრის ნომერში ან

გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად