საკონსტიტუციო სასამართლომ ყადაღასა და საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის შესახებ საგადასახადო კოდექსის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 28 დეკემბერს დააკმაყოფილა ააიპ „ფრემას“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
რაც შეეხება არაკონსტიტუციურად ცნობილ მუხლებს, საუბარია, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომელიც ადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, გარკვეულ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა პირის ქონებას და 48 საათის განმავლობაში, ყადაღის დადების დასადასტურებლად მიმართოს სასამართლოს. ამასთან, სადავო ნორმის მიხედვით, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, ყადაღის დადების დადასტურების შესახებ გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე მიეღო, ანუ იმ პირს, ვის ქონებასაც ედებოდა ყადაღა, არ ჰქონდა შესაძლებლობა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და საკუთარი მოსაზრებები წარედგინა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოთხსენებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, მოსამართლისაგან ყადაღის დადებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას მოითხოვს. ფაქტების გამოკვლევის საჭიროება კი განაპირობებს პირის მომეტებულ ინტერესს ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და ამ ფორმით მისი პოზიციის სასამართლოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ხსენებული შეზღუდვა არ არის გამართლებული სწრაფი მართლმსაჯულებისა და სასამართლოს გადატვირთულობის დაცვის მიზნებით. შესაბამისად, არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს სასამართლოს მიერ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით,“-აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
ამასთან, მოსარჩელე მხარე საგადასახადო კოდექსში საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების გამოყენებსთან დაკავშირებით არსებულ ნორმასაც ასაჩივრებდა.
კერძოდ, საუბარია, საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებაზე, რომელიც ადგენდა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებისას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაედო გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე.
„სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა ემსახურება სავარაუდო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას. თუმცა, ამავე დროს, იგი არ ითვალისწინებს ამ ღონისძიების მხოლოდ დავალიანების სავარაუდო მოცულობის ფარგლებში გამოყენებას. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლოა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაედოს იმაზე მეტი მოცულობის ქონებას, ვიდრე საჭიროა პოტენციური საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი წესი უფლების არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნია და იგი საკუთრების უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნო,“-ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.