ბრიტანული გამოცემა Guardian-ი მუსიკის მატარებლებზე სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ 2017 წელი გამორჩეული იყო რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ისეთ ფორმატზე მოთხოვნის ზრდით, რომელიც ერთი შეხედვით მკვდარი გვეგონა - კასეტაზე.
გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ დიდ ბრიტანეთში გასულ წელს მუსიკის მოთხოვნამ ციფრულ „სტრიმინგ სერვისებზე“ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს მონაცემი „ალბომებში“ რომ კონვერტირდეს, 135 მილიონი ერთეული იქნებოდა. ეს მონაცემი კი 9,5%-ით მეტია, ვიდრე 2016 წელს იყო. ამ ციფრული მატარებლების ნახევარზე მეტი კი სწორედ ონლაინ სტრიმინგ მოსმენებზე მოდის. ამ ყველაფერმა კი ბრიტანულ მუსიკის ინდუსტრიას 7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
ამავე კვლევიდან ჩანს, რომ მართალია თანამედროვე ეპოქაში ლომის წილი სწორედ ციფრულ მატარებლებზე მოდის, თუმცა ასევე იზრდება მოთხოვნა ისეთ ანალოგურ ფორმატებზე როგორებიცაა ვინილი და კასეტა - (+43%), ხოლო ერთ დროს პოპულარული CD სულ უფრო ნაკლებად მოთხოვნადი ხდება და 12%-იანი ვარდნა აქვს.
როგორც გამოცემა წერს, კასეტების მყიდველებს შორის არიან როგორც „ოლდ სქულის“ წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები, რომლებიც ეძებენ ავთენტური ჟღერადობის მუსიკას, რომელიც შექმნილია და ჩაწერილია ციფრულ ფორმატამდე.
კოკა კვირკველია