“ბლუმბერგის“ აუცილებლად მოსანახულებელი ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა

„ბლუმბერგმა“ იმ 22 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, რომელთა მონახულებას ურჩევს მოგზაურობის მოყვარულებს 2018 წელს წელს.

„ბლუმბერგის“ ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა. გამოცემა წერს, რომ ახალი ქალაქების მონახულება ყოველთვის ღირს, თუმცა როცა ასეთი ადგილების ჩამონათვალი ძალიან დიდია, შეიძლება რომელიმე გამოგრჩეთ. „იმის ცოდნა, თუ როგორ მოვხვდეთ სასურველ ადგილას შესაფერის დროს, კარგ შვებულებას დიდებულ შვებულებად აქცევს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მე-5 საუკუნეში დაარსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი და ასევე ყველაზე დიდი ქალაქი თბილისი, დაახლოებით 30-ჯერ გაანადგურეს და აღადგინეს. არ არის გასაკვირი, რომ მისი მოუდრეკელი სულისა და შემოქმედებითი ენერგიის გამო ეს ქალაქი ხშირად ბერლინთან შედარებას იმსახურებს, ახლა კი nightlife ქალაქის სტატუსითაც არის ცნობილი. სპარსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ ყოფნის გამო ქვეყნის კულტურას განმასხვავებელი შტრიხები დაეტყო, რაც კარგად ჩანს ვეგეტარიანელებისთვის მისაღებ სამზარეულოში. ამის მაგალითია ყველით გამოტენილი ხაჭაპურის არსებობა“. - წერს გამოცემა.

„ბლუმბერგი“ მოგზაურებს ურჩევს საქართველოს გაზაფხულზე (აპრილიდან ადრეულ ივნისამდე) ან მოსავლის აღების სეზონზე - სექტემბერსა და ოქტომბერში ესტუმრონ, როცა ადგილობრივი კერძების სიუხვე შეინიშნება. „ერთ-ერთი ასეთია „ფხალი“, გატარებული ბოსტნეულისგან დამზადებული და ნიგვზით შეზავებული კერძი“,- აღნიშნავს გამოცემა და აქვე დასძენს, რომ საქართველოში ძალიან ცხელია ივლისისა და აგვისტოს თვეები, ხოლო ზამთრის გრძელი სეზონი ნოემბრიდან მარტამდე არასასურველად ცივი და ნესტიანია.

2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში ასევე მოხვდა ბრაზილიის სალვადორი, პატაგონია ჩილეში, სენტ-კიტსი (კუნძული კარიბის ზღვაში), ბორნეო, იორდანია, შოტლანდიის ნავსადგური დანდი, კამბოჯა, აბუ დაბი, ნამიბია, სინგაპური, სლოვენია, ლოს ანჯელესი, ფლორენცია, ფიჯი, სამხრეთ კორეა, ვაშინგტონი, ლოს კაბოსი (მექსიკა), ახალი ორლეანი, სამხრეთ ტანზანია, კოპენჰაგენი და ტუნისი.