"სსფ-ს მიხედვით, 2018 წლიდან საქართველო $მშპ-ს ახალ ისტორიულ მაქსიმუმებს გადალახავს"

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 4 ათას 123 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც ჩვენს საუკუნეში პირველად სამხრეთ კავკასიიის რეგიონში პირველ ადგილზე გავა და სომხეთთან ერთად უკვე აზერბაიჯანსაც უკან ჩამოიტოვებს.

სსფ-ის შეფასებით 2017 წელს სომხეთის მშპ ერთ სულზე გაიზრდება 3 თას 690 აშშ დოლარამდე, აზერბაიჯანისა კი - 4 ათას 098 აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, 2016 წლის დარად 2017 წელსაც საქართველოში $მშპ ერთ სულზე უფრო მეტი იქნება ვიდრე უკრაინაში ($ 2 459) და მოლდოვაში ($2 240).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 ათას 529 აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც სსფ-ს ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიული მაქსიმუმია.

სავალუტო ფონდი 2022 წლამდე პროგნოზსაც გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც 2022 წლისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 6 259 აშშ დოლარამდე გაიზრდება და ამ მაჩვენებლით 2022 წელს უკვე გადაუსწრებს ევროპის ორ, ე.წ. განვითარებად ქვეყანასაც - ალბანეთს($6 206) და ბოსნია ჰერცოგოვინას ($5 833), ამასთან 12%-ანი სხვაობით მიუახლოვდება ბელარუსს($6 986) და 17.7%-ანი სხვაობით - მაკედონიას ($7 369.5)." - წერს დუნდუა