"ეკონომისტებს 2017 წლის შეფასებისთვის, სულ მცირე, სამი თვე კიდევ გვჭირდება"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე,  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ეკონომისტებს 2017 წლის შეფასებისთვის, სულ მცირე, სამი თვე კიდევ გვჭირდება. თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემი უკვე ღირს აღნიშვნად. ერთ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელმაც 2017 წლის მესამე კვარტალში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს - მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს მიაღწია. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის მერე ეს მაჩვენებელი საშუალოდ 8% იყო, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ამ მაჩვენებელს წმინდა საპროცენტო ხარჯებს გამოვაკლებთ, და ე.წ. პირველად მიმდინარე ანგარიშს შევხედავთ, ეს პარამეტრი პროფიციტული იქნება.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეს შემცირება განპირობებული იყო 2017 წელს როგორც საქონლის, ასევე, განსაკუთრებით, მომსახურების (ტურიზმის) ექსპორტის ზრდით. ეს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გამოჯანსაღების შედეგი იყო.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია, რაც, ერთდროულად, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე დადებითად მოქმედებს. ამ პარამეტრს, ასევე, დიდ ყურადღებას აქცევენ უცხოელი ინვესტორებიც ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს მიმზიდველობის შეფასებისას. ამდენად, მისი დაბალი დონე ამ მხრივაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია." - წერს გვენეტაძე.