თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესწორებული ვარიანტი კომპანია “სითი ინსტიტუტ საქართველომ” თბილისის მერიაში გუშინ საღამოს წარადგინა , - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბენდელიანის თქმით, კომპანიას ამჯერად, 10 დღე ჰქონდა შესწორებების შესატანად, თუმცა გუშინ განხორციელებული ცვლილებები საბოლოო იქნება, რადგან მერია შესწორებებისთვის დამატებით დროს აღარ გამოყოფს.
მისივე განმარტებით, “სითი ინსტიტუტ საქართველოს” რამდენჯერმე ჰქონდა ცვლილებების განხორციელების საშუალება, თუმცა მათ წინა შემთხვევების დროს მერიის შენიშვნები არ გაითვალისწინეს, გუშინ, მერიაში წარგენილ დოკუმენტზე კი გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
“ჯარიმასთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია და ვფიქრობთ, რომ ეს ჯარიმა არის სამართლიანი. გუშინ, დღის ბოლოს წარმოადგინეს ჩასწორებული ვერსია - საბოლოო ვარიანტი, რომელზეც ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. ჩვენი მოთხოვნა და მიზანი არ არის ვინმესთან ხელშეკრულების გაწყვეტა, ვინმეს მერიიდან გაგდება - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის დოკუმენტი მივიღოთ”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამჯერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობისთვის 140 ათასი ლარით დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა და დოკუმენტის სრულყოფისთვის 10-დღიანი ვადა მისცა. ეს ვადა გუშინ ამოიწურა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, შენიშვნები ძირითადად ტრანსპორტის განვითარების, გამწვანების და განაშენიანების, ზონირებისა და მშენებლობის საკითხებს ეხებოდა.
ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენერალური გეგმა გასაჯაროვადა და მისი საჯარო განხილვებიც მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება და გენერალურ გეგმაში ასახვა მოხდა.