ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის 1 000 ლარის ნაცვლად შესაძლოა 2 000 -ლარიანი ზღვარი დადგინდეს

იზრდება იმ საქმეთა წრე, რომელიც მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად ან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. გარდა ამისა, იზრდება საქმეთა დასაშვებობის ზღვარი სააპელაციო სასამართლოში.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ფართოვდება მაგისტრატ მოსამართლეთა მიერ განსჯად საქმეთა არეალი და ქონებრივი დავების განხილვის უფლებამოსილება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, ნაცვლად 2000 ლარისა. თანხის ანალოგიური ოდენობაა გათვალისწინებული მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეების განხილვისას.

ფართოვდება სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა არეალი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად განხილვას ექვემდებარება ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, ასევე, საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე.

ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დგინდება 2 000 -ლარიანი ზღვარი, ნაცვლად დღეს არსებული 1 000 ლარისა.

კანონპროექტით ფართოვდება სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველ საქმეთა არეალი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, აგრეთვე, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს.

როგორც პარლამენტში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებების მიზანია, მართლმსაჯულება გახდეს უფრო სწრაფი და მოხდეს სასამართლოს განტვირთვა.