დოლარის ინდექსი კლებას აგრძელებს

გუშინდელი ზრდის შემდეგ დოლარის ინდექსმა კვლავ კლება გააგრძელა. ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა დადებითმა სტატისტიკამ და ფედრეზერვის ბოლო სხდომის ჩანაწერებმა, ამერიკულ ვალუტას ზრდისკენ უბიძგეს, თუმცა მცირე ხნით. დღეს დოლარის ინდექსს 0.07 პროცენტი დააკლდა და 91.83-მდე ჩამოქვეითდა. მაგრამ სამშაბათს დაფიქსირებული მინიმუმისთვის (91.47), რომელიც ბოლო სამთვენახევრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ჯერ არ მიუღწევია.

დოლარის გუშინდელ ზრდას ხელი სამრეწველო სფეროში საქმიანი აქტივობის დადებითი მაჩვენებლის გამოქვეყნებამ შეუწყო. იმავდროულად, ფედრეზერვის ჩანაწერებში მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, კვლავ დადებითი მინიშნებებია. ფედრეზერვის წევრებმა განიხილეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადების შემცირების გამო, საჭირო ხომ არ გახდება დოლარზე განაკვეთის უფრო მკვეთრად აწევა.

მაგრამ საბოლოოდ, ფედრეზერვის გეგმაში, წელსაც განაკვეთის სამჯერ აწევა დარჩა და გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრალური ბანკის წევრები პირველ რიგში, ინფლაციის და შრომის ბაზრის სტატისტიკურ მონაცემებს გაითვალისწინებენ. მაღალი განაკვეთი დოლარს ინვესტორებისთვის საინტერესოს ხდის, რაც ვალუტის კურსზე დადებითად აისახება.

დოლართან წყვილში, ევრო 0.17 პროცენტით გაიზარდა და 1.2035 დოლარს მიაღწია. გუშინ კი პირიქით, ამ წყვილის ფასი 0.4 პროცენტით შემცირდა. ევროპულმა ვალუტამ სამშაბათს ბოლო ოთხი თვის მაქსიმუმი დააფიქსირა - 1.2080 დოლარი. ცნობისათვის, 2015 წლის დასაწყისის შემდეგ, ამ წყვილის ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე (1.2092 დოლარი) გასულ სექტემბერში იყო.

იენთან წყვილში დოლარის ფასი მცირედით შეიცვალა და სამშაბათის მინიმუმის (112.04 იენი) შემდეგ, 112.54 იენამდე გაიზარდა. ევროს მსგავსად, სამშაბათს დოლართან წყვილში ბოლო სამთვენახევრის მაქსიმუმს (1.3612 დოლარი) მიაღწია სტერლინგმაც, თუმცა დღეს 0.57 პროცენტით, 1.3520 დოლარამდე დაიკლო.

მერაბ ლორთქიფანიძე