ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.
კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ პოსტზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის განმავლობაში 56 640 ლარი შეადგინა.
2017 წლის 29 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტყემალაძე ფლობს 170 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 70 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 500 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი TOYOTA PRADO.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო (ოვერდრაფტი) ანგარიშზე 3 680 ლარი; ,,თი-ბი-სი ბანკის“ საკრედიტოზე კი 7 471 ლარი ჰქონდა.
ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში ტყემალაძეს „თიბისი ბანკში“ ორი სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა წლიურმა გასავალმა 1 800 ლარი და 13 148 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, შვილების სწავლის საფასურის სახით საკრებულოს თავმჯდომარის გასავალმა 11 500 ევრო და 7 ათასი ლარი შეადგინა.
გიორგი ტყემალაძეს მეუღლე და 3 შვილი ჰყავს.