სენსაციური წიგნის, „ცეცხლი და რისხვა: ტრამპის თეთრი სახლის დერეფნებში“ ავტორის, ჟურნალისტ მაიკლ უოლფის განცხადებით, მისი გამომცემელი არა თუ გეგმავს უარი თქვას წიგნის გაყიდვებზე, არამედ აპირებს უკვე დღეიდან დაიწყოს მისი რეალიზაცია.
რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადვოკატები აპირებენ არ დაუშვან იმ წიგნის გაყიდვაში ჩაშვება, რომელიც შეიცავს ტრამპის პრეზიდენტობის სენსაციურ დეტალებს. მოთხოვნაში, რომელიც გაეგზავნა ჟურნალისტს, წერია, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს წიგნის პუბლიკაცია, მისი გავრცელება და გაყიდვა.
როგორც Washington Post-ი წერს, პრეზიდენტის ადვოკატები ასევე განიხილავენ მიმართონ სასამართლოს ჭორების გავრცელების სარჩელით. ABC News-ის ინფორმაციით, განცხადებაში ასევე წერია, რომ წიგნში მოყვანილი, ტრამპის დისკრედიტაციის მცდელობის ამსახველი ფაქტების უმეტესობაზე არ არის მითითებული წყარო. აღნიშნულთან დაკავშირებით, არც გამომცემელს და არც ავტორს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მაიკლ უოლფის წიგნში შესულია რამდენიმე სენსაციური განცხადება. მათ შორის:
„ტრამპის გუნდი შოკირებული და დაბნეული იყო, როდესაც გაიგეს, რომ მან გაიმარჯვა“.
„მისი ცოლი მელანია ხმის დათვლის ღამეს სულ ტიროდა“.
„ტრამპი იყო გაბრაზებული, რომ ცნობილმა სახეებმა მისი ინაუგურაცია დააიგნორეს“.
„თეთრ სახლში შესვლის დროს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ თეთრი სახლი მას აღიზიანებდა და ცოტა აშინებდა კიდეც“.
„ივანკა ტრამპი დასცინოდა მამის „მოდურ“ ვარცხნილობას და მეგობრებს უყვებოდა თუ როგორ ივარცხნიდა მამა თმას“.
წიგნში შესულია ასევე ინტერვიუ თეთრი სახლის ყოფილ სტრატეგთან, სტივ ბენონთან, რომელმაც დონალ ტრამპისთვის უსიამოვნო რამდენიმე განცხადება გააკეთა. მათ შორის, მან ღალატი უწოდა დონალდ ტრამპის ვაჟსა და რუსებს შორის გამართულ შეხვედრას.
ცნობილი ხდება, რომ წიგნი შექმნილია 200 ინტერვიუს საფუძველზე და ის პირველ ეტაპზე ამერიკის მასშტაბით გაიყიდება.
კოკა კვირკველია