გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი ენერგოომბუდსმენს, სემეკს და „სოკარ ჯორჯიას“ გორის მუნიციპალიტეტში გაზის გადასახადის უეცარ ზრდასთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართავს.
როგორც ეკა სუხიაშვილმა ენერგოომბუდსმენთან შეხვედრის დროს განაცხადა, „მოსახლეობას კატასტროფულად გაზრდილი გადასახადის გადახდა უჭირს“ და ამიტომაც, უნდა გაირკვეს, რატომ მიუვიდა გორის მოსახლეობას დეკემბერში გასამმაგებული გადასახადი.
„ყველაფერი აისახება ჩვენზე. ესენი თბილისელები არიან, დაიხურავენ ქუდს, წავლენ და ჩვენ უნდა შევხედოთ ამ ხალხს თვალებში, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამათთან ერთად, ჩვენ უნდა დავბერდეთ და დავიხოცოთ ამ ქალაქში. ამიტომ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რამე ზომები მიიღეთ, რადგან ეს ხალხი ამ კატასტროფულ გადასახადს ვერ გადაიხდის. ადამიანებს, რომლებსაც გათვლილი ჰქონდათ გარკვეული ბიუჯეტი, რომ გადაეხადათ ეს თანხა და უფრთხილდებოდნენ, ყოველდღე აკონტროლებდნენ მომატება-დაკლებას. ისედაც მწირი შემოსავლების კვალობაზე, გაჭირვებით იხდიან ამ გადასახადებს და ძალიან გთხოვთ ნუ წახვალთ უპასუხოდ. რაღაც პასუხი გაგვეცით ოღონდ ნუ გვეუბნებით, რომ მართლები არიან, რომ თურმე გაზი რაღაცნაირად იწვის და გასამმაგებული გადასახადი ამიტომაცაა“, - განაცხადა ეკა სუხიშვილმა.
გორის მოსახლეობის ენერგოომბუდსმენთან შეხვედრას ხმაურიც მოჰყვა. შეხვედრაზე განსახილველი თემა ბუნებრივ აირზე გადასახადია, რაც, ადგილობრივების ინფორმაციით, დეკემბერში გაორმაგებული სახით დაერიცხათ.
ენერგოომბუდსმენთან შეხვედრას „სოკარ ჯორჯია გაზის", სემეკის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.