აჭარის მთავრობა ტურისტული ბიზნესის თანადაფინანსებას იწყებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და "ლიბერთი ბანკი" ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რომლის შესაბამისად, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა განხორციელდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამის შესაბამისად, ბენეფიციარი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურისტულ ბიზნესს ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში "ლიბერთი ბანკი" ბენეფიციარებს შესთავაზებს სესხებს გადახდის სეზონური გრაფიკით. აღნიშნული სესხის საპროცენტო განაკვეთი 15% იქნება, აქედან 3%-ს გადაიხდის მოსარგებლე, დარჩენილ 12% სამი წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაიფარება, სამი წლის შემდეგ პროცენტის გადახდას მსესხებელი თავად უზრუნველყოფს.

თანადაფინანსების პერიოდის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს დარჩენილი სესხის გადახდის პირობები არ დააკმაყოფილებს, მას შესაძლებლობა ექნება გადავიდეს მისთვის სასურველ სხვა ბანკში წინასწარი დაფარვის საკომისიოს გადახდის გარეშე.