ანაკლიაში პორტის აშენების ინიციატივა ერთი საუკუნის წინ არსებობდა

ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო, თუმცა იქამდე, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთი ინიციატივა და პროექტი არსებობდა:

ინიციატივები სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს, როცა ანაკლიაში პორტის საჭიროებაზე საუბრობდნენ.

ნავსადგურის აშენების პირველი მცდელობა 1960-იანი წლების ბოლოთი თარიღდება. იდეის განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სანაპიროზე პირსის აშენება იყო. სამწუხაროდ, იდეა ამ ეტაპს ვერ გასცდა.

პროექტის პირველი მონახაზი 1974 წელს ჩნდება, როცა ანაკლიის მისადგომების ათვისებისთვის, ოკეანოლოგ ზენკოვიჩის ავტორობით გეგმა შეადგინეს.

1980-იანი წლების დასაწყისში ანაკლიის პორტს კვლავ უბრუნდებიან. ამ პერიოდით თარიღდება პროფესორ არჩილ კიკნაძისა და არქიტექტორ გიორგი მეტრეველის ანაკლიის პორტის პროექტი. 1986 წელს მომზადებულ კვლევაში კი „საქნაპირდაცვის“ სამსაუხური მაშინდელ მთავრობას რეკომენდაციას უწევს, რომ ანაკლია საქართველოს სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის საუკეთესო ადგილია.

1993-93 წლებში საქართველოს მთავრობას ბათუმის პარალელურად ანაკლიაში ნავთობტერმინალის მშენებლობის მცდელობა ჰქონდა.

1997 წელს ანაკლიაში პორტის მშენებლობით დაინტერესებულმა ისრაელის მეწარმეთა ჯგუფმა ტრანსპორტის სამინისტროს მიმართა. თუმცა, მათ შესაბამისი ბიზნესგეგმა არ წარუდგენიათ.

პორტის საპროექტო წინადადებები 1998-1999 წლებში კვლავ გაიხსენეს, რომელიც ქართულ-უკრაინულმა კონსორციუმმა „ეგრისმა" წარადგინა. მოგვიანებით, 2000 და 2001 წლებში ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. ტენდერებში 12-მდე საერთაშორისო კომპანიის განაცხადები ფიქსირდება. თუმცა, აფხაზეთთან გამწვავებული მდგომარეობის გამო, პროცესი ვერ დასრულდა.

2002 წელს ანაკლიის გეგმარების ალტერნატიული ვარიანტი შეიქმნა, რომელიც „მშენპროექტმა“ დაამუშავა.

2010 წელს ანაკლიის პორტი ისევ აქტუალური ხდება გახმაურებული პროექტის “ლაზიკის” სახელწოდებით. ანაკლიაში ქალაქის და პორტის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს პროექტიც განუხორციელებელი დარჩა.

2013 წელს მთავრობამ იაპონურ კომპანია PADECO-ს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მიზანშეწონილობის კვლევა დაუკვეთა; კომპანიამ პორტის აშენების საუკეთესო ადგილი გამოავლინა.

კვლევის საფუძველზე, 2014 წელს სახელმწიფომ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებული “ანაკლიის განვითარების კოსორციუმის” მიერ მომზადებული პროექტი წინამორბედებს მასშტაბით, ინოვაციურობით და ეფექტურობით აღემატება. ეს იყო პირველი მცდელობა, რომელიც რეალურ საქმედ იქცა.

2016 წლის 3 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობასთან ხელი მოაწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის შემდეგაც კომპანიამ განახორციელა მასშტაბური სამუშაოები ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიის საკვლევად და მშენებლობის მოსამზადებლად. საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად შეადგინა პორტის 50-წლიანი გენერალური გეგმა, წინასწარი დიზაინი, განაშენიანების რეგულირების გეგმა, ჩაატარა 50-ზე მეტი კვლევა ჰიდრო-საინჟინრო მიმართულებით და ფლორისა და ფაუნის შესასწავლად, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა პორტის წინასწარი დიზაინი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი; მოიზიდა ინვესტიციები (2017 წლის დეკემბრის მდგომარეოიბთ 190 მლნ აშშ დოლარი), შეარჩია პორტის ტერმინალის ოპერატორი (ამერიკული SSA Marine), დაიწყო ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება; წინარე ხელშეკრულებები გააფორმა სტრატეგიულ პატრნიორებთან, მათ შორის, უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან, კორეულ და ევროპულ ლოგისტიკურ და სატრასნპორტო კომპანიებთან, შავი და კასპიის ზღვის აუზების პორტებთან.

2017 წლის დეკემბერში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო.

bpn