ნავთობის ფასმა ზრდა გააგრძელა

ნავთობის ფასი გუშინ ღამით ისევ გაიზარდა და 2015 წლის მაისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელი განაახლა.

ამის მიზეზი ისაა, რომ ირანში არეულობა გრძელდება და პარალელურად, შეერთებული შტატების მარაგები კვლავ შემცირდა. იმავდროულად, ამერიკაში ნავთობის გადამუშავებამ ბოლო 12 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

ამერიკაში გავრცელებული ცივი ამინდი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს. ქვეყნის ნედლი ნავთობის მარაგის შემცირება ნაწილობრივ ამან გამოიწვია. ნავთობის მოხმარების მსოფლიო ლიდერს ამჟამად ყველაზე მეტად, გათბობისთვის საჭირო ნავთობპროდუქტების მოხმარება გაეზარდა.

ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 23 ცენტით, 68.07 დოლარამდე გაიზარდა, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასის ზრდამ კი 38 ცენტი შეადგინა და ბარელის ფასმა 62.01 დოლარს მიაღწია. ეს კი 2015 წლის მაისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ერთი გალონი გამათბობელი ნავთის ფასი 2.0741 დოლარია, რაც 2014 წლის თებერვლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.

აშშ-ის ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის სტატისტიკით, გასული წლის ბოლო კვირაში, ამერიკის ნედლი ნავთობის მარაგები 7.4 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც მოსალოდნელზე მკვეთრი კლება იყო. გადამუშავება კი 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა, რაც ნაწილობრივ ხელს უწყობს ნედლი ნავთობის მარაგის შემცირებას.

იმის მიუხედავად, რომ OPEC-ის სიდიდით მესამე მწარმოებელ ირანში, ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს ნავთობის მოპოვებაზე და ექსპორტზე გავლენა არ მოუხდენია, გეოპოლიტიკური დაძაბულობა ნავთობის ფასზე მაინც აისახება.

მთავარი ფაქტორი, რაც ნავთობის ფასის გაძვირებას უწყობს ხელს, არის OPEC-ის და მისი არაწევრი მსხვილი მომპოვებლების შეთანხმება, რომელიც ბაზარზე მიწოდების შეზღუდვას ითვალისწინებს. ეს შეთანხმება ამ წლის ბოლომდე ძალაშია, რაც ამ პერიოდში ნავთობის ფასის ზრდას დაუჭერს მხარს.

მერაბ ლორთქიფანიძე