სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპისა და ბლანკის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1966 წელს დაბადებული მ.ფ. და 1969 წელს დაბადებული ი.მ., ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის დამზადების, გასაღების და გამოყენების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს „გადამზიდი 2012“-ის თანამშრომელი - მ.ფ., გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მოქალაქეებს პასპორტებში სხვადასხვა ქვეყნის ყალბი შტამპებისა და ბეჭდების დასმას სთავაზობდა, რომლებსაც მისი თანამზრახველი - ი.მ. უმზადებდა.
სამართალდამცველებმა, „გადამზიდი 2012“-ის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 18 პასპორტი, ხოლო ი.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 5 პასპორტი, თუნუქის კოლოფში მოთავსებული სამელნე, ასევე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის 28 შტამპი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.