რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია

2017 წელს 271 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის იყო თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორიაც.

როგორც გასული წლის დეკემბერში „ბიზნესპრესნიუსს“ საჯარო სამსახურის ბიუროში განუცხადეს, თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, რის გამოც ამ ეტაპზე მონიტორინგის შედეგებზე ჯერ ვერ ისაუბრებენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი. მის მიერ გასული წლის 29 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იზორია უძრავ ქონებას არ ფლობს და ყველაფერი მისი მეუღლის საკუთრებაშია.

რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 3 004,96 ლარი, ანაბარზე - 0,03 ლარი, ხოლო "თი-ბი-სი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 4,04 ლარი ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს ნაღდი ფულადი თანხის სახით 15 000 დოლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის პოსტზე იზორიას შემოსავალმა 2016 წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში 43 962,17 ლარი; მანამდე 2016 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე - 81 494,87 ლარი; ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობისას მისმა შემოსავალმა 2016 წელს 7 200 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის შევსების მომენტში იზორიას 45 000 დოლარის იპოთეკური სესხი და 300 000 დოლარის ოდენობის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ჰქონდა. ამასთან, მისმა წლიურმა გასავალმა ქონების გადასახადის სახით 1 706,67 ლარი შეადგინა.

ლევან იზორიას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 414 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს და 2016 წელს 76 000 დოლარად შეძენილ 700 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დედაქალაქში. მისმა შემოსავალმა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობისას 2016 წლის 30 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 1 842,38 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში იზორიას მეუღლეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 1 530,76 ლარი; საბარათე ანგარიშზე კი - 6 627,73 დოლარი ჰქონდა.

გარდა ამისა, ლანა მანჯგალაძის სახელზე იყო რეგისტრირებული 300 000 დოლარის იპოთეკის ხელშეკრულება, 84 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, მასვე გაქირავებული ჰქონდა სახლი, რის შედეგადაც მისმა შემოსავალმა 39 000 დოლარი შეადგინა, მასვე აღებული ჰქონდა 16 300 დოლარის სესხი. გარდა ამისა, მინისტრის მეუღლის შემოსავალმა სამედიცინო სარჩელის ანაზღაურების სახით 2 500 ლარი შეადგინა.