აშშ-ში გამოქვეყნებულმა, დასაქმების ყოველთვიურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დეკემბერში არასასოფლო სფეროში მოსალოდნელზე ნაკლები ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
სამაგიეროდ, უცვლელი დარჩა უმუშევრობის დონე, საათობრივი ანაზღაურების ზრდა კი პროგნოზულ დონეზეა.
არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა (NFP) რიცხვმა 148 000 შეადგინა. წინა თვის მაჩვენებელი 228 000 იყო, თუმცა კორექტირების შემდეგ 252 000-მდე გაიზარდა. პროგნოზით 190 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იყო ნავარაუდევი, რასაც შუა კვირაში გამოქვეყნებული ADP-ს (არასასოფლო სფეროს კერძო სექტორში ახალდასაქმებულთა რიცხვი) მაღალი მაჩვენებელი (250,000) ამყარებდა.
უმუშევრობის დონე კვლავაც 4.1 პროცენტზე დარჩა, რაც პროგნოზითაც მოსალოდნელი იყო. საათობრივი ანაზღაურება მოსალოდნელი 0.3 პროცენტით გაიზარდა. შედარებისთვის, ნოემბრის ანალოგიური მაჩვენებელი 0.2 პროცენტი იყო, თუმცა დაზუსტების შემდეგ, 0.1-მდე შემცირდა. სახელფასო ინფლაციის მაჩვენებელი დეკემბერში 2.5 პროცენტის დონეზეა, რაც პროგნოზს შეესაბამება.
ფედრეზერვი ანაზღაურების ზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რადგან ის შრომის ბაზრის გაუმჯობესების მაჩვენებელია და ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს. ეკონომისტები თვლიან, რომ საათობრივი ანაზღაურების 0.3 პროცენტით ზრდა, ინფლაციის სტაბილურ ზრდას განაპირობებს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, ფედრეზერვის მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავს, რომელიც დოლარზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში აისახება.
შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, დოლარმა დასუსტება გააგრძელა. მისი ინდექსი 91.54-მდე შემცირდა (სტატისტიკის გამოქვეყნებამდე 91.80 იყო). ევრო/დოლარის წყვილი 1.2045-დან 1.2081 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ შემცირება დაიწყო. ვაჭრობის დიაპაზონი მხოლოდ 50 პუნქტის ფარგლებში იყო. დოლარ/იენის კურსი ოდნავ შემცირდა, თუმცა 113.00 იენზე მაღლა დარჩა. სტერლინგ/დოლარის წყვილის ფასი კი 1.3551-დან 1.3577 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ 1.3566-მდე შემცირდა.
მცირედით გაიზარდა ოქროს ფასი. შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ტროას უნცია ოქრო 1 319.00-დან 1 321.10 დოლარამდე გაძვირდა.