თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო გადადებული ფრენები დღის განმავლობაში შესრულდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები გეგმურად ხორციელდება, - ამის შესახებ „ტავ ჯორჯიაში“ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი ნისლის გამო 10 ფრენა გაუქმდა: თეირანის მიმართულებით გაუქმდა 2 ფრენა, სტამბოლის მიმართულებით - 5, მიუნხენის, ბაქოსა და დუბაის მიმართულებით თითო-თითო ფრენა.

როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, გადადებული ფრენები დღის განმავლობაში შესრულდება.

„ფრენები გადაიდო თელ-ავივის, მოსკოვის, დოჰას, კიევისა და ურუმჩის მიმართულებით. რაც გადაიდო, დღის განმავლობაში შესრულდება. ახლა გეგმურად რაც არის, ის ფრენები მიმდინარეობს“, - აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.