გენგეგმის მიხედვით, თბილისის ზღვის სანაპიროზე ეკოქალაქის მშენებლობა დაუშვებელია

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი მზად არის და ქალაქში განაშენიანების ქაოსური პროცესები კვლავ გრძელდება“. ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გენგეგმის ამოქმედების შემთხვევაში ზოგიერთი კერძო საკუთრება შეიზღუდება. მათ შორის, სალუქვაძის შეფასებით, დაუშვებელია თბილისის ზღვის სანაპიროზე ეკოქალაქის მშენებლობა.

„რა ნებართვებია გაცემული და სად ამოყოფს კიდევ თავს მახინჯი შენობები, კაცმა არ იცის. ამ პროცესების დარეგულირების ერთადერთი საშუალებაა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც საზოგადოებრივი ინტერესები შეგნებულად არის წინა პლანზე წამოწეული, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი უდიდესი დარღვევაა, როცა კერძო საკუთრებას მივეცით მაქსიმალური უფლებები და საჯარო ინტერესები უკანა პლანზე გადავიტანეთ. სხვათა შორის, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით გენგეგმაში ჩვენი ხედვა ავსახეთ. ეს არის სასმელი წყლის რეზერვუარი და კანონმდებლობა იცავს მას როგორც შესაბამის ზონას, თუმცა მიმდებარედ გაყიდულია ძალიან ბევრი მიწის ნაკვეთი, მის სანაპიროზე იგეგმება ეკოქალაქის მშენებლობა, რაც არ შეიძლება, დაუშვებელია და კანონმდებლობის დარღვევაა.

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კერძო ინტერესებზე, მაგრამ ხომ ვთანხმდებით, რომ თბილისში ყველაფერი ნორმალურად არ ვითარდებოდა და ვითარდება, მერიამ ხომ სწორედ ამისთვის გამოაცხადა თავის დროზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსი. კიდევ უამრავი ასეთი ტერიტორიაა, სადაც ბუნებრივი რისკ-ფაქტორები არსებობს და ისინი სანიტარიული და სატყეო დაცვის ზონაში უნდა იყოს აუცილებლად.

გენგეგმაში შევიტანეთ ლანდშაფტური ზონებიც - საკმაოდ მკაცრი ზონა, სადაც მშენებლობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი უნდა გახდეს. ამ ზონებისა და გენგეგმის ამოქმედების შემთხვევაში ზოგიერთი კერძო საკუთრება შეიზღუდება, მაგრამ ქალაქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყენოს ადგილმონაცვლეობის ან გამოსყიდვის ფორმები,“-აღნიშნა სალუქვაძემ.