საუდის არაბეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანია Saudi Aramco სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა. ქვეყნის მთავარი სანავთობო და მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის სტატუსის შეცვლა დაკავშირებულია მის გასვლაზე IPO-ზე.
სამეფოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ კომპანიისთვის სტატუსის შეცვლა მიზნად ისახავს მისი აქციების საერთო ბაზარზე განთავსებას. როგორც უცხოური მედია წერს, Saudi Aramco-ს კონსოლიდირებული პაკეტის მოცულობა იქნება 200 მილიარდი ჩვეულებრივი აქცია, რომლის საერთო ღირებულებაც 16 მილიარდი დოლარია. კომპანიის მართვაში 11 პირი მიიღებს მონაწილეობას.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის მოჰამედ ბინ სალმანის შეფასებით, კომპანიის ღირებულება 2 ტრილიონი დოლარია, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ფასი გადაჭარბებულია. გამოცემა Financial Times-მა Saudi Aramco 880 მილიარდიდან 1,1 ტრილიონ დოლარამდე შეაფასა, „ბლუმბერგმა“ 1 ტრილიონთან ახლოს, ხოლო Wall Street journal-მა 1,3-1,5 ტრილიონ დოლარად.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის გასვლა IPO-ზე 2019 წლამდე ვერ მოხერხდება, მაშინ როდესაც თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი საფონდო ბირჟებზე გასვლას უკვე მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ. ჯერ უცნობია, რამდენ შემოსავალს მოუტანს ეს პროცესი სამეფოს და როგორ აისახება ის მთლიანად კომპანიის ღირებულებაზე, თუმცა ზოგიერთი უცხოური გამოცემის ინფორმაციით, Saudi Aramco-ს IPO-ზე გასვლა ქვეყნის ბიუჯეტში 100 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოიტანს. ქვეყანა კი ამ შემოსავლებს საჭიროებს, რადგან 2014 წლიდან მოყოლებული, ნავთობზე ფასების დაცემის გამო ქვეყანამ ასობით მილიარდი შემოსავალი დაკარგა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ Saudi Aramco-ს აქციების 5%-ის შეძენით დაინტერესებული არიან ჩინური ნავთობკომპანიები PetroChina და Sinopec.
კოკა კვირკველია