რუსეთმა შესაძლოა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია დატოვოს

რუსეთმა შესაძლოა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება ევროკავშირის სარჩელი, რომლის თანახმადაც რუსეთს უნდა დაეკისროს ყოველწლიურად ჯარიმის სახით 1,4 მილიარდი ევროს გადახდა , ევროკავშირიდან რუსეთში ღორის ხორცის იმპორტის აკრძალვის გამო.

როგორც დუმის ეკონომიკის კომიტეტის წარმომადგენელმა, სერგეი კალაშნიკოვმა განაცხადა, თავად ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ეწინააღმდეგება მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს და ევროკავშირმა დაიწყო პირველმა აღნიშნული წესების დარღვევა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო სხვადასხვა სანქციები. დეპუტატის განცხადებით, ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, რუსეთი შეზღუდავს, ან სრულად დატოვებს მსო-ს.

ცოტა ხნით ადრე გამოცემა Politico წერდა, რომ ევროკავშირი აპირებდა რუსეთისთვის მოეთხოვა 1,39 მილიარდი ევრო წელიწადში იმის გამო, რომ ამ ქვეყანამ შეზღუდა ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ღორის ხორცის იმპორტი. ეს მოთხოვნა უკვე გადაეცა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც სარჩელის სამართლიანობაზე განაჩენს გამოიტანს და მოსკოვს აღნიშნულ გადასახდელს დააკისრებს, თან ყოველწლიურად 15%-იანი ნამატით. როგორც გამოცემა წერს, რუსეთმა შემოიღო „არათანაბარი“ აკრძალვა ევროკავშირიდან ღორის ხორცის იმპორტზე, შედეგად კი ძალიან იზარალეს დანიელმა, გერმანელმა და ჰოლანდიელმა ფერმერებმა. თავის მხრივ, მოსკოვისთვის აკრძალვა გახდა იმპულსი იმისა, რომ განევითარებინა ადგილობრივი ხორცის წარმოება.

მოსკოვმა ევროპულ ხორცზე აკრძალვები 2014 წლის დასაწყისში ლატვიასა და პოლონეთში „აფრიკული ჭირის“ გამოვლენის გამო შემოიღო. 2016 წელს მსო-მ განაცხადა, რომ რუსეთის სავაჭრო პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა ორგანიზაციის სანიტარულ და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს და მოსკოვის აპელაცია უარყო. ამის შემდეგ, 2017 წელს, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ორგანიზაციის მოთხოვნებს გაითვალისწინებდა და მოხსნა აკრძალვები ხორცის იმპორტზე, თუმცა ძალაში დატოვა ღორის ხორცზე ემბარგო, რომელიც ახსნა, როგორც პასუხი ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე.

კოკა კვირკველია