რა ოდენობისა და დანიშნულების დანამატები გაიცა შს სამინისტროში 2016 წელს?

2016 წლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ასიგნებებიდან „დანამატის“ სახით 17,005 მილიონი ლარია გახარჯული - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ამ თანხის 99.4%, ანუ 16,911 მილიონი ლარი შტატით განსაზღვრულ თანამშრომლებზე მოდის.

ამასთან, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე წელთა ნამსახურეობის მიხედვით, 8,968 მილიონი ლარი; მრავალშვილიანობს მიხედვით კი - 356,465 ლარი გაიცა. ამასთან 7,563 მილიონი ლარი შეადგინა უწყებაში გაცემულმა სპეციალურმა დანამატმა, რომელსაც მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს, ხოლო საკლასო ჩინის სახით შტატიან თანამშრომლებზე 22,858 ლარი გაიცა.

რაც შეეხება სამინისტროში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომლებს, მათ დანამატი 94,548 ლარის ოდენობით, მხოლოდ მრავალშვილიანობის ნიშნით მიიღეს. აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წლის მანძილზე სამინისტროს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მიზნით გაწეულმა საკასო ხარჯმა 5,911 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურება თვეში საშუალოდ 700 ლარია.