2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადი უწესდებათ.
საადვოკატო ბიურო OK&CG-ს მიაჩნია, რომ ავტომანქანის ქონების გადასახადი ოჯახის წლიურ შემოსავალზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.
„არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხშირი იქნება შემთხვევები, როცა შესაძლოა ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, თუმცა ოჯახის ერთ-ერთ წევრს საკუთრებაში აქვს დაბალი საბაზრო ღირებულების მანქანა, რა შემთხვევაშიც ის იძულებულია, მიუხედავად მისი ყოველთვიური დაბალი შემოსავლისა, ავტომობილზე გადაიხადოს ქონების გადასახადი,“-განმარტავს OK&CG-ის იურისტი, ქეთევან ქავთარაძე.
მისივე შეფასებით, მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ მანქანებზე ქონების გადასახადის დაწესება მხოლოდ ავტომობილის საბაზრო ღირებულების შესაბამისად მოხდებოდა.
40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებს, რომელთაც ქონების დეკლარირება 2017 წლის შემოსავლების მიხედვით 2018 წლის 1 ნოემბრამდე მოუწევთ, ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,05%-ს და არაუმეტეს 0,2 %-ს გადაიხდიან; ხოლო 100 ათასი ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,8% და არაუმეტეს 1% იქნება გადასახდელი.