2017 წელს ფრენები უსაფრთხო იყო

თითქმის ყველა მაჩვენებლებით, 2017 წელი აერონავიგაციაში საბედნიეროდ უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს.

გასულ წელს მხოლოდ 10 ავიაკატასტროფა დაფიქსრიდა, რასაც ჯამში 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შედარებისთვის, 2016 წელს მთლიანობაში 16 ინციდენტი მოხდა რასაც 303 ადამიანი ემსხვერპლა.

Aviation Safety Network-ის მონაცემებით, 2017 წელს არ მომხდარა არცერთი სამგზავრო კომერციული თვითმფრინავის კატასტროფა. ყველა შემთხვევა, რომელიც 2017-ში მოხდა, მცირე ზომის პროპელერიან თვითმფრინავებზე აღინუსხა. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამორჩეული იყო 2017 წლის იანვარში მომხდარი ფაქტი, რა დროსაც MyCargo Airlines-ის კუთვნილი სატვირთო Boeing 747 ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკთან ახლოს ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 4 და ხმელეთზე მყოფი 35 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლოს სამგზავრო ლაინერზე ავიაკატასტროფა 2016 წლის ნოემბერში მოხდა, რომელსაც 71 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მათ შორის იყვნენ ერთ-ერთი ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის წევრები. ინციდენტის მიზეზი არა ტექნიკური გაუმართაობა, არამედ საწვავის უკმარისობა გახდა, შედეგად კი ლაინერი კოლუმბიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ზოგადად, ავიაკატასტროფების კლება 1992 წლიდან ფიქსირდება, ეს კი უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია ბოლო 25 წლის განმავლობაში ავიაბაზრის ტექნოლოგიური განვითარებით, პილოტების კვალიფიკაციის ამაღლებითა და გლობალური რეგულაციებით. ინციდენტების მკვეთრი კლება კი თავის მხრივ ზრდის ავიამგზავრობაზე მოთხოვნას. ცნობისათვის, ჯერ კიდევ 2016 წელს 3,7 მილიარდმა ადამიანმა იფრინა, რაც სამნახევარჯერ მეტია, ვიდრე 25 წლის წინ.

კოკა კვირკველია