გასული წლის დეკემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 116,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით 21,3 ათასი ტონით მეტია.
ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული.
კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა 43,9 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 72,8 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 24,9 ათასი ტონით) შეადგინა.
„საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის დეკემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 32,8 ათასი ტონა ანუ 74,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 10,6 ათასი ტონა ანუ 24,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 1,1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ნოემბერში შეადგინა: დიზელი გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას. % – 72,8 ათასი ტონა ანუ 100%.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 34,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 32,0 ათასი ტონა (27,4%), რუმინეთი - 28,5 ათასი ტონა (24,4%), თურქმენეთი - 11,0 ათასი ტონა (9,4%); ბულგარეთი - 6,2 ათასი ტონა (5,3%), საბერძნეთი - 4,9 ათასი ტონა (4,2%).
გასული წლის დეკემბერში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 5,3 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 2,4 ათასი ტონით ნაკლებია ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის დეკემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად წინა თვის მაჩვენებლის ანალოგიურია. ამასთან, 2017 წლის დეკემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,1 ათასი ტონა, რაც 6,3 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის დეკემბერში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,3 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით მეტია ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით,“-ნათქვამია ნავთობიმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.