„მწყრის კვერცხზე ბაზარში დიდი მოთხოვნაა"

ოზურგეთელ გოჩა ჭეიშვილთან სტუ­მრობა თუნდაც იმის გამო გაგიხარდება, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდები - შრომისმოყვარე ადამიანს ვერაფერი წააქცევს. ბევრი განსაცდელის მიუხედავად, ოჯახის სარჩენად ხელი არავისთვის გაუწვდენია, ხან რა საქმეს მოიფიქრებს და ხან - რას. მაგალითად, როცა ოჯახთან ერთად პლაჟზე მოხვდებოდა, სანაპიროზე ქვებს სათითაოდ არჩევდა და შინ, ოზურგეთში მიჰქონდა, მერე კი ამ ქვებით სახლის პირველ სართულზე ლამაზი ბუხარი ამოიყვანა. როცა ვკითხე, მებუხრეობა რთული სპეციალობაა, თქვენ კი ამ საქმეს პირველად მოჰკიდეთ ხელი და ბევრ ხელოსანზე უკეთ როგორ გააკეთეთ-მეთქი, გულიანად გაეცინა, შრომა ყველაფერს გასწავლისო. შვილები ეხმარებიან ყველაფერში, საშრომი კი ჭეიშვილების ოჯახში ძალიან ბევრია - მეწველი პირუტყვის, შინაური ფრინველისა და ფუტკრის მოვლას მწყერსაშენიც დაემატა.

- დედ-მამა განუწ­ყვეტლივ ფუსფუსებდა და სარჩოს არასოდეს გვაკლებდა. მათ ცქერაში ვისწავლე, თუ ვიშრომებდი, მშიერი არ დავრჩებოდი.­ რა არ მიცდია, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. სახლი ქალაქის გარეუბანში მიდგას, რამდენიმე მეტრში მდინარის ჭალებია და პირუტყვის გარეკვა შეიძლება, მოშორებით სიმინდის ყანებიც მაქვს და პირუტყვს ამით ვარჩენ ზამთარში. არც ქათმების მოშენება­ დამზარებია, მაგრამ ფუტკარს ყველაზე მეტად ვუვლი. ერთი ოჯახით დავიწყე, მაგრამ ფუტკარს იმხელა მადლი შემოაქვს, ხელი ვეღარ გავუშვი და უკვე 70 ოჯახი მყავს. ჩემი ვაჟის დამსახურებაა, ამდენი სკა რომ გვიდგას.

- 70 ოჯახის მოვლას დიდი შრომა უნდა, ამას მწყრის ფერმაც დაუმატეთ, ასეთი შრომისთვის ბევრი ვერ გადადებს თავს...

- იმიტომაც უჭირს ჩვენში ბევრს ლუკმაპური. ამას რომ ვხედავ, ვღონდები - რა არის იმაში შეუძლებელი, რომ ადამიანმა იშრომოს და არ იწუწუნოს, გაჭირვებაში ვკვდებიო!

ოჯახი ზღვაა, შვილები რომ იზრდებიან,­ ოჯახსაც უფრო მეტი შემოსავალი სჭირდება, ამიტომაც დავიწყე მწყრის მოშენება. თუმცა ჯერ დავიანგარიშე, რომ მწყრის მოვლის გასავალი შემოსავალზე მეტი არ ყოფილიყო: მწყრის კვერცხი 20 თეთრი ღირს, 10 მოზრდილ მწყერში კვერცხს საშუალოდ 5 მაინც დადებს და ეს უკვე ლარია. ქათამი კიდევ დღეში 1 კვერცხს ან დადებს, ან არა. 10 მწყერს დღეში ბევრად ნაკლები საკვები სჭირდება, ვიდრე 1 ქათამს, რომლის კვერცხი 40 თეთრზე მეტი არ ღირს.

- ლოგიკური ანგარიშია.

- უბრალო ანგარიშია. აუცილებლად უნდა გათვალო, შრომა რას მოგიტანს. მწყერი გურიაში ბევრს არ ჰყავს. უფრო სწორად, იმდენი არა, რომ ოჯახს რეალური­ შემოსავალი შემოუტანოს. მაინც მოვძებნე­ ერთი ფერმერი სოფელ ლაითურში და მისგან 40 ცალი საუკეთესო ჯიშის, "ფარაონის" დედალ-მამალი მწყერი შევიძინე. მწყერი ქათამზე ამტანიც არის დაავადებების მიმართ და მისი მოვლა უფრო იოლია. თუმცა, ზამთარში სითბო სჭირდება - ფრინველს თუ სცივა, კვერცხს არ დადებს.

მწყრის ინკუბატორი, გათბობისა და დარწყულების სისტემაც საკუთარი ხელით გავმართე. ამაში­ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის უყაირათობა "დამეხმარა". შარშან წყლის მრიცხველების­ დადგმა დაიწყეს. თითო მრიცხვ­ელის მოსაწყობად 70-80 სანტიმეტრის სიგრძე-სიგანის ყუთები გამოიყენეს, რომლებიც მერე არ მოეწონათ, მოხსნეს, გადაყარეს და ახალი ყუთები დაამონტაჟეს. მეც ავიღე და იმ ყუთებით ინკუბატორი გავაკეთე. შიგ მწყრის კვერცხი შევაწყვე და სითბოსთვის ნათურა ჩავკიდე.

ოზურგეთში შუქის გამორთვა არ გვიკვირს­ და ამ შემთხვევისთვის გენერატორი ვიყიდე. მწყრის კვერცხს ინკუბატორში ხელით ვატრიალებ. მთავარია, შიგ პლუს 25 გრადუსი ტემპერატურა იყოს, რომ ჩოჩორი ადვილად გამოიჩეკოს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 8 იანვრის ნომერში ან

გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად