თერჯოლაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 1 500 000 ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტს 1 500 000 ლარი ჩაერიცხა. გასულ წელს სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

სოფელ გოდოგანში, წყალწითელას უბანში დაზიანებულია კედელი, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საავტომობილო გზას, ასევე იქ მცხოვრებ მოსახლეობას. სოფელ ნახშირღელეში კი, გოშაძეების უბანში დაზიანებული საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ განუცხადა, გზები და ხიდები შეკეთდება ასევე სოფლებში: საზანო, ბარდუბანი, სათემო უბანი და გოგნი.