მინისტრის მოადგილე - წარმოუდგენელია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ერთ დღეს შეეხოს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ეს არსად მომხდარა

წარმოუდგენელია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ერთ დღეს შეეხოს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ეს არსად მომხდარა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა სახალო დამცველის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ნინო ლომჯარიამ ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული ცვლილებების გადავადების ფაქტი გააკრიტიკა და ამ მიმართულებით “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები “პრობლემურად“ შეაფასა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახალხო დამცველის განცხადება შეეხებოდა კანონში ერთ-ერთი მუხლის ცვლილებას.

მისივე თქმით, აღნიშნული მუხლი დღეს მთავრობის რეგლამენტშია გაწერილი.

„წარმოუდგენელია, რომ ეს ერთ დღეს შეეხოს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ეს არსად მომხდარა. ამის საერთაშორისო პრაქტიკაც არსებობს. ბევრი ქვეყნის მაგალითი გვაქვს, სადაც 5 -წლიანი რეფორმა იქნა განხორციელებული. ჩვენ ვამბობთ, რომ 2 წლის განმავლობაში დავფარავთ მთელ ავტოპარკს“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

რაც შეეხება ტექდათვალიერების მიმდინარეობას, რომელიც 1-ელი იანვრიდან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ, გიორგი ჩექეზიშვილის განცხადებით, ჯერ მცირე დროა გასული იმისთვის, რომ სტატისტიკაზე ისაუბროს.

„რეალურად სულ სამი სამუშაო დღე იყო, თუმცა შემიძლია სტატისტიკა მოგაწოდოთ ქოლ ცენტრზე მომართვიანობის ინტერესიდან გამომდინარე. 3 იანვარს დაიწყო ფუნქციონირება ცხელმა ხაზმა და დღის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით, 400-დან 450 ზარს ვპასუხობთ. ძირითადად რეკავენ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები და აინტერესებთ, მათ მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას როდის უწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული ავტოპარკის საჭიროებიდან გამომდინარე, შვეიცარიელი კონსულტანტების მიერ დადებულია დასკვნა, რომ ქვეყანას სჭირდება რეგიონების მიხედვით გადანაწილებული, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების 115 ხაზი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, თბილისში საჭიროა დაახლოებით, 60 ხაზი.

„დაინტერესებულ ინვესტორებთან ამ საკითხზე გვექნება მსჯელობა, თუ ვინ რას აპირებს, რადგან ჩვენ ვიცოდეთ, რა გზით წავიდეთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვაცხადოთ მოწვევა ინვესტორებისთვის, რომლებიც დაფარავენ იმ რაიონებსაც, სადაც დღეს ეს სერვისი არ არის“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ; 2018 წლის 1-ელი ივლისიდან - იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყებების საკუთრებაში არსებული ავტომობილებს შეეხებათ; 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებს (3.0 ძრავით და ზემოთ), ხოლო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი.